დღეს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში (ნიკო ნიკოლაძის 7, სართ. 1) ქართული დოკუმენტური ფილმის „შინ და უკან" ჩვენება გაიმართება.
ფილმი ოჯახურ ძალადობას შეეხება, გადაღებულია კავშირი „საფარი"-ს მიერ კახეთის ერთ-ერთ სოფელში და მისი ჩვენება ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში ეწყობა.
„ფილმის გმირი ლია იხსენებს წარსულს საკუთარი ცხოვრებიდან, რომელიც სავსეა ძალადობით და უხეში მოპყრობით. ლიას მამამ დედა მოკლა და თავად ლიაც არაერთხელ გამხდარა მამის აგრესიის მსხვერპლი. ლიამ ახალგაზრდობა ამ მოგონებებთან ბრძოლაში გაატარა და ახლა ცდილობს, გაარღვიოს ის ძალადობით სავსე წრე იმ სოფელში, სადაც ბავშვობა გაატარა და სადაც ოჯახური ძალადობა ჩვეულებრივ მოვლენად მიაჩნიათ. ლია ჩადის თავის სოფელში, რათა გამოაღვიძოს თანასოფლელები და მათთან განახლებული ურთიერთობა ჩამოაყალიბოს. მიუხედავად მძიმე და მტკივნეული წარსულისა, მან შეინარჩუნა სიყვარული ადამიანებისა და თავად ცხოვრების მიმართ", - აღნიშნეს ფილმის გადამღები ჯგუფის წევრებმა.
ფილმის შემდგომ გაიმართება დისკუსია, რომელსაც კავშირი „საფარის" თავმჯდომარე ნატალია ზაზაშვილი გაუძღვება.
ადამიანის უფლებათა კვირეულის ძირითადი მიზანია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღის პოპულარიზაცია და სტუდენტ ახალგაზრდებში ადამიანის უფლებების სხვადასხვა სფეროში ცნობიერების ამაღლება.
ჩვენება დღეს, 12:00 საათზე, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში (ნიკო ნიკოლაძის 7, სართ. 1) გაიმართება.