ტრაგედიაა, დიახ, გირგვლიანის საკითხი, მაგრამ მაჩალიკაშვილს რომ შვილი მოუკლეს, ამ საკითხზე გამოძიებამ რა დაადგინა? - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, არ შეიძლება, სულ ერთი და იგივე ვიძახოთ და საზოგადოებაში დავნერგოთ აზრი, რომ ვიღაცას კლავდნენ.
„პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ დროს იყო ცალკეული შემთხვევები, მათ შორის, გირგვლიანთან დაკავშირებული საკითხი, სადაც გამოიკვეთა სახელმწიფო დანაშაულისა და მაღლჩინოსანთა დანაშაულის ნიშნები. ამის გამო აგო პასუხი, მაგრამ საუბარია, რომ ჯეროვნად არ აგო პასუხი. მე ახლა დაგისვამთ კითხვას, მაგალითად, ტრაგედიაა, დიახ, გირგვლიანის საკითხი, მაგრამ მაჩალიკაშვილს რომ შვილი მოუკლეს, ამ საკითხზე გამოძიებამ რა დაადგინა? ხომ არ შეიძლება, სულ ერთი და იგივე ვიძახოთ და საზოგადოებაში დავნერგოთ აზრი, რომ ვიღაცას კლავდნენ. ეს ხალხი თუ თავისუფლებისთვის მებრძოლი იყო, „ქართული ოცნების“ ლიდერებს ვგულისხმობ, კობახიძეს, თალაკვაძეს, მაჭარაშვილს, რატომ არ მოკლეს 2012 წელს არცერთი?“ – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ აკაკი ოჩიგავას მიმართ არასათანადო მოპყრობა არ შეიძლება, არ იქნას კვალიფიცირებული როგორც წამება, ეს ჩადენილი იყო პატიმრებისადმი სისტემური ძალადობის პერიოდში.