მოსწონს თუ არა ვინმეს კუბილიუსი, ვისურვებდი პრობლემის მოგვარების გზა მოვნახოთ და არა ლანძღვის კორიანტელი, რომელიც მის განცხადებას მოჰყვება - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადების კომენტირებისას თქვა.
კუბილიუსმა განცხადებაში აღნიშნა: „ჩვენ მკაფიო გზავნილი გვაქვს „ქართული ოცნებისთვის“, ვერ მიიღებთ სტატუსს, თუ არ ითამაშებთ ჩვენი წესებით“.
აქუბარდიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის საკითხი არის დაბრკოლება საქართველოს ევროპული მომავლისთვის.
„მიხეილ სააკაშვილის საკითხი არის დაბრკოლება საქართველოს ევროპული მომავლისთვის. სასამართლო, რომელიც არ არის სრულიად თავისუფალი, ასევე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა მნიშვნელოვანი პრობლემა ხდება მის სიცოცხლესთან მიმართებაში და ამაზე კრიტიკა მოდის, ეს ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს. შესაბამისად, ვინმეს მოსწონს თუ არა კუბილიუსი, მე ვისურვებდი პრობლემის მოგვარების გზა მოვნახოთ და არა ლანძვის კორიანტელი, რომელიც კუბილოუსის განცხადებას სავარაუდოდ მოჰყვება“, – განაცხადა აქუბარდიამ.
მისი თქმით, ულტიმატუმის ენით კრემლი საუბრობს და არა ევროპარლამენტი.
„ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენი ნებაა და ამას თავს არავინ გვახვევს. ულტიმატუმის ენით კრემლი გვესაუბრება და არა თუნდაც ერთი ევროპარლამენტარი. უნდა გავითვალისწინოთ, რომ რომელ ოჯახშიც გვინდა შესვლა, იქ გარკვეული ქცევის ნორმებია ან კრემლთან მარტო დავრჩებით, რაც ქვეყნისთვის უბედურებაა. მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტარების პიროვნული კრიტიკა ეს უკვე საუბედუროდ ჩვეულებადაა ქცეული, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ქვეყნის ევროპულ ოჯახში გაწევრიანებისთვის, ამას ყოველდღიური შრომა სჭირდება და არა ანტიდასავლური განცხადებები, რომელსაც ჩვენ „ქართული ოცნებისგან“ ვისმენთ“, – განაცხადა აქუბარდიამ.