დღეს ევროპარლამენტში უნდა მსჯელობდნენ იმაზე, როგორ დაუჭირონ მხარი ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭებას, ამის ნაცვლად კი მსჯელობა უწევთ ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლის და ჯანმრთელობის გადარჩენაზე, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროპარლამენტში წარმოდგენილი ყველა პოლიტიკური ძალა, მათ შორის „ქართული ოცნების“ პარტნიორი „სოციალისტური პარტია“ მოუწოდებს ხელისუფლებას, მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ სამკურნალოდ საზღვარგარეთ.
„დღეს ევროპარლამენტში უნდა მსჯელობდნენ იმაზე, როგორ დაუჭირონ მხარი ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭებას, ამის ნაცვლად კი მსჯელობა უწევთ ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლის და ჯანმრთელობის გადარჩენაზე. არ ვიცი, საბოლოოდ გავა თუ არა შესწორება ივანიშვილის სანქცირების მოთხოვნის თაობაზე, მაგრამ ყველა შემთხვევაში, ის ფაქტი, რომ ევროპარლამენტი საგანგებო რეჟიმში იღებს რეზოლუციას, ნათელი გზავნილია ქართველი ხალხისთვისაც და საქართველოს ხელისუფლებისთვისაც, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას ძალიან დიდი პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს, სააკაშვილის პრობლემის გადაჭრა ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა სამადაშვილმა.
14 თებერვალს ევროპარლამენტმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტის კონსოლიდირებული ვერსია გამოაქვეყნა. კანონპროექტის კენჭისყრა დღეს არის დაგეგმილი.