უშიშროების საბჭოს მდივნის ეკა ტყეშელაშვილის ვარაუდით, კრიზისების მართვის ცენტრი ეფექტური იქნება.
"კრიზიების მართვის ცენტრის ის მოდელი, რისი მონახაზიც უკვე ჩამოყალიბებულია, უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე ის სისტემა, რაც უშიშროების საბჭოსთან არსებობს. მასში როგორც ტაქტიკურ ისე ოპერატიულ და რეგიონულ დონეზეა გათვალისწინებული, თუ როგორ უნდა მოხდეს კრიზისის არსებობის შემთხვევაში მისი მართვა", - განუცხადა ტყეშელაშვილმა ჟურნალისტებს პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, რომელზედაც განხილვის ერთ-ერთი თემა სწორედ აღნიშნული ცენტრის შექმნის საკითხი იყო.
ოპოზიციამ ტყეშელაშვილთან შეხვედრაზე კრიზისის მართვის ცენტრში პარლამენტის ჩართვის წინადადებაც დააყენა, რასთან დაკავშირებითაც ტყეშელაშვილმა ჟურნალისტებს განუმარტა, რომ მისი აპარატი ამ საკითხზე იფიქრებს.
"კრიზისების მართვაზე პირდაპირი ვალდებულება აღმასრულებელ ხელისუფლებას ეკისრება. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ამა თუ იმ კრიზისის წარმატებით ან წარუმატებლად მართვაზე პასუხისმგებლობა პარლამენტის წევრებს ვერ მოეთხოვებათ, თუმცა ვიფიქრებთ, როგორ შეიძლება მოხდეს ცენტრის მუშაობაში პარლამენტის ჩართვა", - განმარტა მან.
შეგახსენებთ, რომ ტყეშელაშვილმა პოლიტიკური უმცირესობის წარმომადგენლებს კრიზისების მართვასთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს აპარატის მიერ შემუშავებული ახლებური ხედვის არსებული მონახაზები გააცნო, რაც ოპოზიციამ საერთო ჯამში მოიწონა და ეფექტურად შეაფასა.