ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას მხოლოდ მშვიდობიანი გზებით აღვადგენთ, ზახაროვას ურჩევნია, თავის პრეზიდენტს უთხრას, რომ მათაც მშვიდობიანად მოაგვარონ ყველა პრობლემა - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
მან კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებაზე, რომ მოსკოვი საქართველოსგან ითხოვს სავალდებულო შეთანხმებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ.
„ზახაროვამ გადახედოს საქართველოს ხელისუფლების მიერ არაერთხელ გაკეთებულ განცხადებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ. საქართველოს ეს სხვა ფორმატში დასადასტურებელი არ აქვს, რადგან ჩვენ არა მხოლოდ დეკლარირება გავაკეთეთ, არამედ 2012-2016 წლების პარლამენტმა რეზოლუციაში ჩაწერა, რომ საქართველო ძალის გამოყენებით არასოდეს შეეცდება აფხაზების, ოსების მიმართ რაიმე აქტების განხორციელებას და ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას მხოლოდ მშვიდობიანი გზებით აღვადგენთ. ეს საქართველოს გაცხადებული აქვს და ზახაროვას ურჩევნია, თავის პრეზიდენტს მიუბრუნდეს და უთხრას, რომ მათაც მშვიდობიანად მოაგვარონ ყველა პრობლემა, რაც აქვთ“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.