საქართველოსგან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ სავალდებულო შეთანხმებას ვითხოვთ, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
მან უპასუხა მედიის შეკითხვას, როგორ აფასებს რუსეთის ურთიერთობების ამჟამინდელ მდგომარეობას აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან.
"ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფას. მათ ტერიტორიაზე განლაგებულია რუსული სამხედრო ბაზები, რუსეთი იცავს სახელმწიფო საზღვრებს შესაძლო პროვოკაციების აღკვეთის მიზნით, რაც აქტუალურია ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში. ჩვენ ვითხოვთ საქართველოსგან სავალდებულო შეთანხმებას ამ ქვეყნების წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს რეგიონში სტაბილურობის გარანტია იქნება," - თქვა ზახაროვამ.
ზახაროვას თქმით, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის "მოკაშირეობის ნათელ მაგალითს წარმოადგენდა რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული სპეციალური სამხედრო ოპერაციისა და დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების, ასევე ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის მხარდაჭერა“.