აფსუს თეა წულუკიანს დროში და ეპოქაში როგორ არ გაუმართლა... წარმოიდგინეთ თეა წითელი სამკლაურით, ტყავის ქურთუკით, ხის კაბურიდან ნახევრადამოღებული მაუზერით შედის პრეზიდენტის რეზიდენციაში, გამოაქვს ნახატები, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარალმენტის წევრი, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალექსანდრე ელისაშვილი წერს.
"აფსუს თეა წულუკიანს დროში და ეპოქაში როგორ არ გაუმართლა... წარმოიდგინეთ თეა წითელი სამკლაურით, ტყავის ქურთუკით, ხის კაბურიდან ნახევრადამოღებული მაუზერით შედის პრეზიდენტის რეზიდენციაში, გამოაქვს ნახატები და მერე თავმჯდომარეობს "ტროიკის" სხდომას! ტროცკიზმი ხელოვნებაში, ბურჟუაზიული გადმონაშთებით ტკბობა და მსგავსი ბრალდებები რა მჭახე და ომახიანად გაისმოდა მის გამოსვლაში. აფსუს ბიჭო როგორ აცდა მაგ დროს. რეებს იზამდა და რა იაფად გამოდის ეხლა. მარტო ნახატების გატანა უხერხულია თეა, სულ ეგაა კაცო? დავიჯერო მეტი არ შეგიძლია?" - წერს ელისაშვილი.
კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია პრეზიდენტის სასახლეში დღეს მივიდა და სვიმონ დადიანის 5 ექსპონატი გაიტანა. გენერალური ინსპექციის წარმომადგენლის განცხადებით, 2020 წელს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თხოვნით, ხელოვნების სასახლიდან ადმინისტრაციისთვის გადაცემული იქნა ხუთი ნახატი დროებითი გამოფენისთვის. მისივე თქმით, ორი წელი იყო ვადა, რომელიც 2022 წლის დეკემბერში ამოიწურა. მისი თქმით, წლის დასაწყისში ხელოვნების სასახლის წარმომადგენლებმა, წესების მიხედვით, მოახდინეს ნახატების მონიტორინგი და აღმოჩნდა, რომ ერთი ნახატი არის დაზიანებული.