"მიმაჩნია, რომ ვანო მერაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ პრობლემაა, პირდაპირ მინდა, გითხრათ, პარტია ამ კონფიგურაციაში განწირულია მუდმივად ოპოზიციაში ყოფნისთვის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრთან, ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" ამ კონფიგურაციაში განწირულია მუდმივად ოპოზიციაში ყოფნისთვის
"ჩვენ თუ გვინდა ამ რეჟიმის დამარცხება, სწორ კონფიგურაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან, პირველ რიგში, „ნაციონალურ მოძრაობა“ უნდა ასხივებდეს გამაერთიანებლის პოტენციალს. გამაერთიანებლობა არის ამ ჭაობის გარღვევის გასაღები. სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდა ამ ეტაპზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ თუნდაც დღევანდელი მოცემულობით, მაშინ, როდესაც პარტიის ნახევარი აბსოლუტურად განსხვავებულ პოზიციაზე დგას, ამ ყველაფერს სჭირდება უფრო მეტი მუშაობა პარტიის შიგნით ჩვენს ამომრჩეველთან. დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში, ჩვენ მივიღებთ ისეთ პარტიას, რომელიც ორიენტირებული იქნება კონკრეტულ შედეგსა და ცვლილებებზე და არა ჩანაცვლებაზე, მუდმივად ოპოზიციაში ყოფნაზე.
მე პოზიციებს არ ვიცვლი. დღესაც მიმაჩნია, რომ ვანო მერაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ პრობლემაა. პირდაპირ მინდა, გითხრათ: პარტია ამ კონფიგურაციაში განწირულია მუდმივად ოპოზიციაში ყოფნისთვის, რაც მე არ მინდა, რადგან ამ პარტიას უნიკალური შანსი აქვს, უნიკალური პლატფორმაა მმართველი გუნდის ცვლილებებისთვის. შესაბამისად, ამ ყველაფერს სჭირდება გამოყენება, მეტი მუშაობა. ასე რომ, ყველა ადამიანს აქვს უფლება იყოს როგორც პოლიტიკაში, ასევე საჯარო სივრცეში, თუმცაღა მეც მაქვს უფლება, მქონდეს ჩემი პოზიცია ამა თუ იმ პროცესებთან მიმართებით.
წარმოუდგენელია თანამშრომლობა. აქ საუბარი არ არის თანამშრომლობაზე. აქ საუბარი არის იმაზე, ჩვენ თუ გვაქვს კონკრეტული მიზანი და ვხედავთ, თუნდაც ახალი მენჯმენტის მხრიდან კონკრეტულ გადადგმულ ნაბიჯებს, სადაც შედეგის მიღწევა შესაძლებელია, ჩვენ მანდ ვიქნებით. მაგრამ ის, რომ მე პოზიცია შევიცვალო, წარმოუდგენელი ამბავია, რადგან მე ანგარიშვალდებული ვარ პარტიის წინაშე. ამომრჩეველთა ნახევარმა დაიჭირა პოზიცია, რომელსაც ჩვენ ვაჟღერებდით. ასე რომ, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ როგორც 52 პროცენტის მოსაზრებას, ამავე დროს მთელმა პარტიამ პატივი უნდა ვცეთ განსხვავებულ აზრს“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.