თურქეთსა და სირიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16 000 აღემატება. ბოლო მონაცემებით, ამ დროისთვის გარდაცვლილია 16 035 ადამიანი.
საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობა განსაკუთრებით თურქეთის ტერიტორიაზე მატულობს. რაც შეეხება დაშავებულებს, მხოლოდ თურქეთში სტიქიის შედეგად 62 914 ადამიანი დაშავდა.
თურქეთში ერთკვირიანი გლოვაა გამოცხადებული. ამასთან, 10 რეგიონში სამი თვით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
გარდა ამისა, თურქეთში საქართველოს 3 მოქალაქე გარდაიცვალა, ხოლო კიდევ 2 მოქალაქეს ამ დრომდე ეძებენ.
რაც შეეხება სირიას, სხვადასხვა მედიასაშუალების ინფორმაციით, სიცივისა და განადგურებული ინფრასტრუქტურის გამო სამაშველო სამუშაოები გართულებულია. ამას ემატება ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი და სამხედრო კონფლიქტი.