„ნაციონალური მოძრაობა“ ცრუ ნარატივებს თუ დილემებს ქმნის და მიხეილ სააკაშვილის თემაც ტიპური პროპაგანდისტული ინსტრუმენტია, რათა მოსახლეობის ყურადღება დააკავონ, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „თავისუფალი ხედვაში“.
„რასაც ჩვენ ახლა ვაკვირდებით, არის ცრუ დილემა. განსაკუთრებით ბოლო ორი თვის განმავლობაში ჩვენ ვართ პირდაპირი სამიზნე ლობისტური პროპაგანდისტული პიარკამპანიის. ჩვენ ეს ვნახეთ დოკუმენტალურად, ხელშეკრულებაც გამოქვეყნდა. საქართველო არის სამიზნე პროპაგანდისტული პიარკამპანიის, რომლის მიზანიც არის მიხეილ სააკაშვილის დახსნა ციხიდან. ჩვენ ვხედავთ, რომ ხდება ცრუ დილემების დაყენება – მიხეილ სააკაშვილი თუ ევროკავშირი და ასე შემდეგ, თორემ, რა თქმა უნდა, ასეთი დილემა არ არსებობს. როგორ შეიძლება, სისხლის სამართლის დამნაშავის საკითხი დაკავშირებული იყოს ქვეყნის ევროინტეგრაციასთან? ეს არის ცრუ დილემა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა კონკრეტული დანაშაულები ჩაიდინა, ხელი დააფარა სანდრო გირგვლიანის მკვლელებს, დააორგანიზა დეპუტატის ცემა და ბიუჯეტის საიდუმლო თანხიდან დააფინანსა საკუთარი შვილის სწავლა კერძო სკოლაში, რაც თავადვე აღიარა, ამ დროს კი ქვეყნის შიგნით თუ გარეთ მისი მხარდამჭერები ცდილობენ, ის დემოკრატიის თვალსაჩინო წარმომადგენლად წარმოაჩინონ.
„ჩვენ ვართ პროპაგანდისტული კამპანიის სამიზნე და აქ მთავარია, ვიყოთ ფხიზლად, რომ ცრუ დილემები არ დავიჯეროთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.