მაღალი მოგებით მუშაობენ ჯერ კიდევ ნავთობის იმპორტიორები, რაც მიუღებელია, მინდა მოგმართოთ თქვენ, ბატონო მინისტრებო, უნდა დაიბაროთ თქვენ ნავთობის იმპორტიორები და აქაც მოვახდინოთ რაღაც გონივრულ ზღვარზე ფასების ჩამოწევა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, არ შეიძლება, რომ ერთ ლიტრ ბენზინზე იყოს თითქმის ერთ ლარამდე ფასნამატი.
„მეორე საკითხზე მინდა ასევე მოგახსენოთ. ჩემი დავალებით, კონკურენციის სააგენტომ დაიწყო ნავთობის ბაზრის შესწავლა. თებერვლის ბოლოს წარმოადგენენ უკვე ოფიციალურ დადასტურებულ საბოლოო სურათს. აქაც ჩვენი ჩარევის შედეგად დარეგულირდა, შემცირდა ფასები, მაგრამ დეკემბრის მონაცემები მიდევს ახლა და აქაც ვხედავ, რომ არსებობს მაღალი მარჟები და მაღალი მოგებით მუშაობენ ჯერ კიდევ ნავთობის იმპორტიორები, რაც ასევე მიუღებელია. მინდა მოგმართოთ თქვენ, ბატონო მინისტრებო, უნდა დაიბაროთ თქვენ ნავთობის იმპორტიორები და აქაც მოვახდინოთ რაღაც გონივრულ ზღვარზე ფასების ჩამოწევა. არ შეიძლება, რომ ერთ ლიტრ ბენზინზე იყოს 80, 90 თეთრიანი და თითქმის ერთ ლარამდე ფასნამატი. ამიტომ, ამას სჭირდება ძალიან კარგი შესწავლა და მინდა გამოვთქვა იმედი, რომ ამ ჩვენს მოწოდებას და პოზიციას გაითვალისწინებენ და ანგარიშს გაუწევენ. აუცილებელია ამ საკითხის დარეგულირება მაქსიმალურად მოკლე დროში. ეს არის ჩემი პრინციპული პოზიცია. წამლებზე გახსოვთ, ძალიან ბევრი წინააღმდეგობა იყო იმპორტიორების მხრიდან, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თურმე ძალიან მარტივად შეიძლებოდა ამ საკითხის მოგვარება. ამიტომ, მჯერა, რომ ეს ადამიანები, ჩვენი თანამოქალაქეები, იმპორტიორები გაითვალისწინებენ ჩვენი ხალხის მდგომარეობას, არსებულ ვითარებას და დაიწყებენ ფასების შემცირებას. ეს არის ჩვენი მოლოდინი და დიდი იმედი. ეკონომიკის, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის მინისტრები ჩაერთვებიან ამ საკითხში აქტიურად, შექმნიან სამუშაო ჯგუფს. ამ საკითხს სჭირდება მუდმივი მონიტორინგი და ყურადღება, რომ ვინმეს გარკვეული ცდუნება არ გაუჩნდეს. ადრე იყო ბევრი საუბარი, რომ ლარის კურსი იყო ძალიან მაღალი, 3,3-ზე, 3,4-ზე და ამიტომ ვერ ახერხებდნენ ფასების დაწევას. ჩვენი მუშაობის შედეგად ეროვნული ვალუტა არის დასტაბილურებული 2,60,ზე, 2,65-ზე არის ჩამოსული თითქმის და ამ ადამიანებმა ფასები იგივე ნიშნულზე შეინარჩუნეს, რაც არასწორია, მარტივად და კორექტულად რომ ვთქვათ. ამიტომ, ამ საკითხს სჭირდება აქტიური მუშაობა და დარეგულირება. იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე წარმოადგენთ თქვენს ხედვას და გამოსავალს“, - განაცხადა პრემიერმა.