საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს, მთავრობას და თურქ ხალხს კაჰრამანმარაშში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა გამო თანაგრძნობას უცხადებს.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, საქართველო თურქი ხალხის გვერდით დგას და მზად არის, ნებისმიერი საჭირო დახმარების აღმოსაჩენად.
„უდიდესი თანაგრძნობა მსურს გამოვხატო თურქი ხალხის, თურქეთის რესპუბლიკის მთავრობისა და პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისადმი კაჰრამანმარაშში გამანადგურებელი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა გამო. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.
ჩვენ ვდგავართ თურქი ხალხის გვერდით და მზად ვართ, აღმოვუჩინოთ მათ ნებისმიერი საჭირო დახმარება“,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
ბოლო მონაცემებით, თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად 284 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2 323 დაშავდა. სტიქიამ ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ათზე მეტი ქალაქი დააზარალა. ადგილზე მობილიზებული არიან მაშველები, სამართალდამცველები და არმია.