. საქართველოში კრიზისების მართვის ცენტრი შეიქმნება. აღნიშნულ საკითხზე დღეს უშიშროების საბჭოს მდივანმა ეკა ტყეშელაშვილმა პოლიტიკურ ოპოზიციასთან ისაუბრა. როგორც შეხვედის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ განუცხადა, კრიზისების მართვის ცენტრის შექმნა გადაწყვეტილია, თუმცა შესაბამისი დოკუმენტი ჯერ კიდევ შემუშავების პროცესშია. საერთო ჯამში ოპოზიცია კრიზისების მართვის ცენტრთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს მხრიდან შეთავაზებული მოდელით კმაყოფილი დარჩა.
"მეთოდი, რომელიც აღნიშნულთან დაკავშირებით უშიშროების საბჭომ გაგვაცნო, ძალიან საინტერესოა, თუმცა ის სამუშაო პროცესში კიდევ უფრო დაიხვეწება", - განაცხადა ქარდავამ.
კრიზისების მართვის ცენტრთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს პირველადი მონახაზი მისაღებია საპარლამენტო ოპოზიციის კიდევ ერთი წარმომადგენლის გია თორთლაძისთვის. როგორც იგი აცხადებს, დოკუმენტის პირველად ვარიანტში კონცეპტუალურად არის ჩამოყალიბებული და ზუსტად არის გაწერილი ის სისტემა, რომელზედაც აღნიშნული ცენტი იქნება აგებული.
"ცენტრის მოწყობის სისტემა კარგად შემუშავებული და არაჩვეულებრივად დახვეწილია", - განაცხადა თორთლაძემ.
აღნიშნულთან დაკავშირებით შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემაც გააკეთა. როგორც მან განმარტა, უშიშროების საბჭოს მიერ კრიზისების მართვის ცენტრთან დაკავშირებულ შემოთავაზებული მეთოდით კრიზისულ სიტუაციაში საკუთარი მოსახლეობის დაცვა შესაძლებელი იქნება.
"მთავარი ამოცანაა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ თავი უსაფრთხოდ იგრძნოს და ჰქონდეს გარანტია, რომ ნებისმიერ კრიზისულ სიტუაციაში სახელმწიფოს მისი სიცოცხლის დაცვა შეეძლება", - განაცხადა თარგამაძემ. მისი განმარტებით, აღნიშნულთან დაკავშირებით მან უშიშროების საბჭოს მდივანს საკუთარი პარტიის წინადადებებიც შესთავაზა, თუმცა ტყეშელაშვილის მხრიდან მხოლოდ მატი ნაწილი იქნა გაზიარებული.
"უშიშროების საბჭოს აპარატთან ინტენსიურ კონსულტაციებს ვაწარმოებთ, რათა შესაბამის დოკუმენტში ის წინადადებები მაინც იქნას ასახული, რომლებიც დღევანდელ შეხვედრაზე დადებითად იქნა შეფასებული", - განმარტა თარგამაძემ.
რაც შეეხება იმას, თუ როდის შეიქმნება კრიზისული ცენტრი, ვინ შევა მის შემადგენლობაში და კონკრეტულად როგორი იქნებვა მისი სტრუქტურა, მოგვიანებით, სამუშაო პროცესის დასრულებისა და ოფიციალური დოკუმენტის მიღების შემდეგ გახდება ცნობილი.