აბაშიძე - კარასინის სატელეფონო ჩანაწერთან დაკავშირებით, კომენტარს აკეთებს აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და ამბობს, რომ საქართველოს ბევრი მოქალაქისთვის რუსეთთან დაახლოება წარსული გამოცდილებისა და უკრაინაში ამჟამად მიმდინარე ომის გამო, მიუღებელია:
"დეტალები არ ვიცი, რადგან აქ ვიმყოფები. მე ვიცი, რომ საქართველოს ძალიან ბევრ მოქალაქეს არ სურს ამ ეტაპზე რუსეთთან დაახლოება, განსაკუთრებით მაშინ, როცა რუსეთი ახორციელებს სასტიკ თავდასხმებს უკრაინაზე, ესვრის სკოლებს, საავადმყოფოებს. აკეთებს იმას, რასაც ასევე აკეთებდა საქართველოში. ასე რომ ბევრი ქართველის ინტერესში არ შედის რუსეთთან დაახლოება“, - ამბობს კელი დეგნანი.
შეგახსენებთ, სატელეფონო ჩანაწერი იუთუბ არხ "კიბერ კმარაზე" გუშინ გავრცელდა. ჩანაწერიდან ირკვევა, რომ ფარული მოლაპარაკებების მიზნები უმეტესად რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებზეა მორგებული. კარასინი საუბრობს იმაზე, რაოდენ მნიშვნელოვანია რუსეთისთვის საქართველოსთან დამაკავშირებელი ახალი მაგისტრალების მშენებლობა, აბაშიძეს გულთბილ მოკითხვას აბარებს პირთან, რომელიც საქართველოში ამ საკითხებს კურირებს და საუბრობს ოკუპირებულ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ახალი გზების მშენებლობაზე.