„ნაციონალური მოძრაობა“ წარსულს დაუბრუნდა, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს ხელმძღვანელმა, დავით უსუფაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რომელ ეტაპზე თქვა უარი წარსულზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თორმეტი წლის განმავლობაში, უსუფაშვილმა განაცხადა, რომ მათ წარსულზე უარი არასოდეს უთქვამთ, მაგრამ მცდელობები იყო.
„მე, მაგალითად, ხატია დეკანოიძე პარლამენტში გავიცანი და ვინმეს როგორც არ უნდა უშლიდეს ნერვებს, ის გავიცანი, როგორც, პირველ რიგში, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი და მერე პარტიული ინტერესებით მოღვაწე. ასე გავიცანი მე, ასე ვნახე და ვფიქრობდი, შეიძლება, სხვებიც გამოჩნდნენ ასეთები-თქო. გავიხსენოთ, რამდენი ფრთა წამოვიდა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ხომ? მგონი, ოთხი, ხუთი თუ შვიდი. წარსულთან დაკავშირებით ზოგმა თქვა და ზოგმა არ თქვა. ზოგმა ისე მოიცილა, ვითომ არ ყოფილა ეს და ა.შ. მე იმას კი არ ვამბობ, რა კარგები იყვნენ და ახლა გაფუჭდნენ, უბრალოდ, ახლა დასრულდა რაღაც ეტაპი. დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი სახელისუფლებო ინსტრუმენტების ჩარევით წარიმართა“, – განაცხადა უსუფაშვილმა.