უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ განხორციელებული მასირებული იერიში კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ უკრაინას ადეკვატური იარაღი სჭირდება.
„დღეს ჩვენ გავუძელით ტერორისტების მხრიდან განხორციელებულ კიდევ ერთ მასირებულ სარაკეტო იერიშს, დარტყმას, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს ყველაფერს, რასაც პარტნიორებს ვეუბნებით: ამ რუსული აგრესიის შეჩერება შესაძლებელია და უნდა მოხდეს მხოლოდ ადეკვატური იარაღით. ტერორისტი სახელმწიფო სხვას ვერაფერს გაიგებს. იარაღი ბრძოლის ველზე; იარაღი, რომელიც დაიცავს ჩვენს ცას. რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციებით – უფრო სწორად პოლიტიკური და ეკონომიკური იარაღით, და ასევე იურიდიული იარაღით, უფრო აქტიურად უნდა დაიწყოს მუშაობა ტრიბუნალის შექმნისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, უკრაინის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემამ რაკეტების უმეტესობა ჩამოაგდო, თუმცა არა – ყველა. შედეგად, უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, არიან დაშავებულები და დაჭრილები.