ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ პარტიის ოფისში ნაციონალური მოძრაობისა და გახარია - საქართველოსთვის საკრებულოებში უმოქმედობაზე ბრიფინგი გამართა.
ბრიფინგზე ბოკერიამ საკრებულოებში უმრაველოსობაში მყოფ ენმ-სა და გახარიას პარტიების უმოქმედობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზუგდიდისა და ქუტაისის საკრებულოებში, სადაც ეს პარტიები უმრავლესობას წარმოადგენენ, არცერთს არ გამოუყენებია ქმედითი ინსტრუმენტები ხელისუფლების უკანონო ქმედებათა გამოსავლენად, რომელთა გამოყენებითაც რეჟიმი მოქალაქეთა ინტერესების წინააღმდეგ ძალაუფლების შენარჩუნებას ახერხებს.
„ამისათვის ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი - სარევიზიო კომისია - ამ ორ საკრებულოში გახარიას პარტიას და ნაციონალურ მოძრაობას საერთოდ არ გამოუყენებია. რუსთავის საკრებულოში კომისია საერთოდ არ შეუქმნიათ, ზუგდიდის საკრებულოს სარევიზიო კომისიას კი არცერთი საბიუჯეტო ორგანიზაციის არც წარსული, არც აწმყო საქმიანობის შემოწმება არ განუხორციელებია. აღსანიშნავია, რომ ამ ორ საკრებულოთაგან ერთერთი ნაციონალურ მოძრაობაში დღეს დაპირისპირებული ერთი ჯგუფი, მეორეს კი - მეორე ჯგუფი წარმოადგენს“, - განაცხადა ბოკერიამ და აღნიშნა, რომ საბიუჯეტო ორგანიზაციების საქმიანობის რევიზია მოქალაქეებს მისცემდა შესაძლებლობას, ფაქტებზე დაყრდნობით ესაუბრათ ხელისუფლების უკანონო ქმედებებზე, რეჟიმის ოპონენტებს კი ხელისუფლებაზე ლეგიტიმური წნეხის შესაძლებლობას მისცემდა.
„აღსანიშნავია, რომ ეს პარტიები არალეგიტიმურ პარლამენტში რჩებიან, სადაც, მათივე თქმით, ხელისუფლების დასაბალანსებლად პრაქტიკული ინსტრუმენტები არ გააჩნიათ, ხოლო იქ სადაც გააჩნიათ, მათი გამოყენებისთვის თავსაც არ იწუხებენ. მსგავსი უპასუხისმგებლო უმოქმედობა აძლიერებს რეჟიმის პროპაგანდას და ასუსტებს საპროტესტო ელექტორატს, რაც კიდევ უფრო ახანგრძლივებს ივანიშვილის მოღალატე რეჟიმის ძალაუფლებაში დარჩენას“, - თქვა ბოკერიამ.