საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ "ქართველებს ურჩევნიათ მოისმინონ, რომ რუსეთის ჯარები ტოვებენ ქვეყანას, ვიდრე პირდაპირი ფრენების აღდგენა".
სერგეი ლავროვმა 18 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე იმედი გამოთქვა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი საჰაერო ავიამიმოსვლა მალე აღდგება.
დეგნანს არ ჰგონია, რომ "ქართველ ოჯახებს, ვინც ცხოვრობს რუსეთში, არ შეუძლიათ საქართველოში დაბრუნება".
"როდესაც გადახედავ საქართველოს ისტორიას, დაინახავ, რომ ის სავსეა რუსეთის მხრიდან დარღვეული პირობებით, მცდელობით, რომ საქართველოსთვის წაერთმიათ იდენტობა, სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და ჩემი აზრით, ალბათ ქართველების უმეტესობას ურჩევნია მოისმინოს ის, რომ რუსეთის ჯარები ტოვებენ საქართველოს ტერიტორიას და რომ რუსეთი ემორჩილება 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, ვიდრე პირდაპირი ფრენების აღდგენა. მე არ მგონია, რომ ქართველ ოჯახებს, ვინც ცხოვრობს რუსეთში, არ შეუძლიათ საქართველოში დაბრუნება, თუმცა ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი რუსი ჩამოდის საქართველოში", - ამბობს ელჩი.