სოციალური სამართლიანობის ცენტრი საგარეჯოში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმაზე განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაცია განცხადებაში წერს, რომ მნიშვნელოვანია, ძალადობის ამ უმძიმეს შემთხვევაზე გამოძიება დროულად ჩატარდეს და საქმეზე მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გამოძიების პროგრესის და შედეგების შესახებ ინფორმაცია დროულად მიეწოდოს საზოგადოებას.
სამართლებრივი საკითხების მიღმა, მნიშვნელოვანია მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, დავსვათ კითხვები, რომლებიც ამგვარი ძალადობის სტრუქტურულ მიზეზებს შეიძლება ხსნიდეს, მათ შორის:
-
როგორია ყოფილი სამხედრო პირების სოციალური დაცვის გარანტიები და როგორ მუშაობს ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის პროგრამები მათი საჭიროებების საპასუხოდ?
-
ამ კონკრეტულ შემთხვევაში თავდაცვის სამინისტროს ჰქონდა თუ არა შეფასებული ყოფილი სამხედრო პირის მდგომარეობა და რა ზომები მიიღო მისი ქცევის მართვისთვის?
-
ჰქონდა თუ არა/უნდა ჰქონოდა თუ არა თავდაცვის სამინისტროს და პოლიციას მისგან მომდინარე რისკების შესახებ ინფორმაცია და რამდენად ეფექტიანი იყო მათ მიერ მიღებული პრევენციული ზომები ამ შემთხვევაში?
განცხადების თანახმად, ეს შემთხვევა თავდაცვის სექტორში დასაქმებული ადამიანებისა და ყოფილი სამხედროების მიმართ სოციალური პოლიტიკისა და ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის პროგრამების გაძლიერების საფუძველი უნდა გახდეს და იმედი გვაქვს, რომ სახელმწიფო, სამოქალაქო და პოლიტიკური ჯგუფები დისკუსიებსა და სამუშაოებს სწორედ ამ მიმართულებით წარმართავენ.
შეგახსენებთ, რომ 20 იანვარს, გვიან ღამით, საგარეჯოში შეიარაღებულმა პირმა საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან ცეცხლი გახსნა. ოფიციალური ცნობებით, მან მოკლა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაჭრილია 5 ადამიანი, რომელთაგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია.
გავრცელებული ინფორმაციით, ადამიანი რომელმაც დანაშაული ჩაიდინა 15 წელი სამხედრო სამსახურში მსახურობდა და საერთაშორისო მისიაშიც მონაწილეობდა.