უკრაინაში მიმდინარე ომი კატასტროფულია მთელი რეგიონისთვის. ჩვენც გვეხება და მემგონი ამ ომმა დაგვანახა, რომ ქვეყნებმა და ერებმა უნდა მოახდინონ ეკონომიკების დივერსიფიკაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა, სახელწოდებით „როგორ იქცა ევრაზიის შუა დერეფანი ბილიკიდან გზატკეცილად“.
მთავრობის მეთაურის თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომამდე ქვეყნები ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ შუა დერეფანს, მაგრამ ომის შემდეგ ყურადღება გააქტიურდა და გაიზარდა.
„დიდი მადლობა ამ თემატური დისკუსიის ორგანიზებისთვის. თქვენ ბრძანეთ უკრაინაში მიმდინარე ომი. ეს კატასტროფული ომია მთელი რეგიონისთვის. ჩვენც გვეხება და მემგონი ამ ომმა დაგვანახა, რომ ქვეყნებმა და ერებმა უნდა მოახდინონ ეკონომიკების დივერსიფიკაცია. ომამდე ქვეყნები ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ შუა დერეფანს, მაგრამ ომის შემდეგ ყურადღება გააქტიურდა და გაიზარდა. ამიტომ, როგორც ბატონმა პრეზიდენტმა ალიევმა ბრძანა, მეც გავიმეორებ, რომ ბრწყინვალე ურთიერთობები გვაქვს აზერბაიჯანთან, ყაზახეთთან, თურქეთთან, ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობა გაგვაჩნია და ჩვენი შერწყმა ძალიან კარგია. ჩვენ ამ ეტაპზე დიდ კაპიტალდაბანდებას ვახდენთ ინფრასტრუქტურაში, მინდა აქვე ვახსენო, რომ ჩვენი გზატკეცილები, რომელიც შენდება, 2024 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს. 2,3 მილიარდი დოლარი ჩაიდო ამ საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაში და ეს ხელს შეუწყობს ტრანსპორტირების მიმართულებას. აქვე მინდა ვახსენო საპორტო ინფრასტრუქტურა. შავ ზღვაზე საქართველოს პორტები საკმაოდ დიდია, მაგრამ კიდევ უნდა გავზარდოთ შესაძლებლობები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, ევროკომისარი ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის საკითხებში იოჰანეს ჰანი და კომპანია „Limak Holding“ -ის თავმჯდომარე ებრუ ოზდემირი. პანელის მოდერატორი იყო მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის აღმასრულებელი დირექტორი მირეკ დუშეკი.