საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა უკრაინის ქალაქ ბროვარში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით უკრაინულ მხარეს მიუსამძიმრა.
სამძიმრის წერილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნდა.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და მინისტრი ვახტანგ გომელაური გამოხატავენ ღრმა მწუხარებას ბროვარში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით. გვსურს, ჩვენი თანაგრძნობა გავუზიაროთ დაღუპულთა ოჯახებს, ჩვენს კოლეგებსა და უკრაინის ხალხს“, – აღნიშნულია ოფიციალურ გვერდზე.
უკრაინის ეროვნული პოლიციის მიერ გავრცელებული ბოლო ინფორმაციით, უკრაინის ქალაქ ბროვარში ვერტმფრენის კატასტროფას, სულ მცირე, 16 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან სამი ბავშვია. ჰოსპიტალიზებულია 30 ადამიანი, მათ შორის 12 ბავშვი. დაღუპულთა შორის არის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა – შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი, მისი პირველი მოადგილე ევგენი ენინი და სამინისტროს სახელმწიფო მდივანი იური ლუბკოვიჩი.