აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა აზერბაიჯანის მოქალაქეობა უნდა მიიღონ ან შეუძლიათ, ტერიტორია დატოვონ.
როგორც ალიევმა აზერბაიჯანული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე აღნიშნა, მათთვის, ვისაც სურს მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის დროშის ქვეშ ცხოვრება, შეიქმნება პირობები და აზერბაიჯანის მოქალაქეების მსგავსად, მათი უფლებები და უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ყარაბაღში სეპარატისტული მოძრაობა რომ არ ყოფილიყო, მთიანი ანკლავის სომხები უკეთეს პირობებში იცხოვრებდნენ, ვიდრე ახლა ცხოვრობენ.
„ვისაც არ უნდა ჩვენი მოქალაქე გახდეს, გზა არ არის დაკეტილი, ღიაა. მათ შეუძლიათ თვითონ წავიდნენ, არავინ შეუშლის ხელს. შეუძლიათ წავიდნენ რუსი სამშვიდობოების სატვირთო მანქანებით. შეუძლიათ ავტობუსით წავიდნენ. გზა ღიაა“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.