სააკაშვილმა უნდა აირჩიოს, რჩება ქართულ პოლიტიკაში და იბრძვის, თუ მიდის ქართული პოლიტიკიდან, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
„მიხეილ სააკაშვილს მაინც უფრო გრძელვადიან თამაშზე გადასვლას ვურჩევდი. მან უნდა აირჩიოს, რჩება ქართულ პოლიტიკაში და იბრძვის, თუ მიდის ქართული პოლიტიკიდან. თუ ჩვენ დავინახეთ, რომ სააკაშვილმა ბრძოლა გადაწყვიტა, მაშინ ის უნდა გადავიდეს ციხეში და ბრძოლა იქიდან გააგრძელოს, მაგრამ თუ სააკაშვილმა პოლიტიკიდან გასვლა გადაწყვიტა, გადაწყვიტა თვითონაც დაისვენოს და სხვებიც დაასვენოს, მაშინ ის რაღაცნაირად უნდა დანებდეს. უნდა თქვას, რომ მე დავმარცხდი და გამიშვით ახლა, თავი დამანებეთო, მაგრამ იბრძოდე და იძახდე, მწამლავენო, ამ დროს ციხის საავადმყოფოში იყო, ეს დამაჯერებლად არ გამოიყურება.
მიხეილ სააკაშვილი ბრძოლას თუ აპირებს, ბრძოლისთვის ციხის საავადმყოფო არ ვარგა. „ქართული ოცნება“ აძახებს, ოროთახიან ბინაში გვყავსო. თუ ხვდები, რონ სხვადასხვა მიზეზის გამო პოლიტიკური ბრძოლა მოგბეზრდა და პოლიტიკა არ გინდა, საკმარისი არის, ეს ადვოკატის ენით თქვა. შენ თვითონ უნდა გამოხვიდე, ძალა მოიკრიბო, უნდა მიხვიდე პროცესზე და იქ თქვა, რომ ხალხო, თავი დამანებეთ, პოლიტიკიდან მივდივარ და დაიშალოს „ნაციონალური მოძრაობა“. მაშინ გასაგები იქნება, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკიდან გადის. თუ ბრძოლა მიმდინარეობს, ჯერ არ მახსოვს დატყვევებულ გენერალს ვინმე ბრძოლის დასრულებამდე ათავისუფლებდეს“, – განაცხადა ხვიჩიამ.