მგონი, ადამიანებს არეული აქვთ ერთმანეთში, რა არის მართლმსაჯულება და რა არის პოლიტიკა, ასეთი განცხადებები მხოლოდ ერთ რამეს ემსახურება, ხელი შეუშალონ მართლმსაჯულების აღსრულებას, – ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩის, მაიკლ მაკფოლის „ვაშინგტონ პოსტში“ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ საავტორო სტატიას.
პაპუაშვილის თქმით, „იმედგამაცრუებელია, რომ გარკვეული ჯგუფი გაფაციცებით ცდილობს, მიხეილ სააკაშვილს სასჯელი აარიდონ“.
„როგორც ვნახე, მისი ციხეში ყოფნა არის პუტინის ინტერესში. არ ვიცი, თუკი სანდრო გირგვლიანის მკვლელის ხელის დამფარებლის, ვალერი გელაშვილის ცემის ორგანიზატორის ციხეში ყოფნა არის პუტინის ინტერესი, მგონი, აქ ადამიანებს არეული აქვთ ერთმანეთში, რა არის მართლმსაჯულება და რა არის პოლიტიკა. ეს არის ყველაზე მთავარი, რომ მართლმსაჯულებას ხელი არ შეეშალოს და ასეთი განცხადებები მხოლოდ ერთ რამეს ემსახურება, ხელი შეუშალონ მართლმსაჯულების აღსრულებას. სანდრო გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ თქვა, ყველას ახსოვს, რამდენად აღშფოთებული იყო სასამართლო, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, ხელი შეეშალა ამ საქმეზე, მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულებისთვის. დღეს, ჩვენ ვხედავთ ზუსტად იმავეს, ზუსტად ამ საქმეზე, სანდრო გირგვლიანის საქმეზე იხდის სასჯელს მიხეილ სააკაშვილი და ვხედავთ, შიგნით მისი მეგობრები თუ გარეთ მისი მფარველები, როგორ ცდილობენ, ხელი შეუშალონ მართლმსაჯულების აღსრულებას და ეს არის ყველაზე იმედგამაცრუებელი იმ ფონზე, რასაც ჩვენ ვაკვირდებით, რომ გარკვეული ჯგუფი ასე გაფაციცებით ცდილობს, მიხეილ სააკაშვილს სასჯელი აარიდონ.
რაც შეეხება გადავადებას, ეს არის მხოლოდ ექიმების, სასამართლოს კომპეტენცია და არა კომენტატორების და პოლიტიკოსების გადასაწყვეტი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.