მნიშვნელოვან და ძალიან სახიფათოი გზაგასაყარზე ვდგავართ, არჩევანს ვაკეთებთ სიცოცხლის ან სიკვდილის, ევროპული მომავლის ან მტკივნეული საბჭოთა წარსულის სასარგებლოდ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ ზუგდიდში, მიხეილ სააკაშვილისადმი სოლიდარობის აქციაზე განუცხადა.
„2023 წელს საქართველო იმყოფება მორალურ, პოლიტიკურ და ფასეულობით გზაგასაყარზე. სურათი უსაშველოდ გაფართოვდა და ყველაფერი დღესავით ნათელი გახდა. რას ვხედავთ ამ სურათში? სამწუხარო რეალობას, რომელიც უნდა დასრულდეს, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მოკვდინების მცდელობას, რომელიც მხოლოდ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მოკვდინების მცდელობა კი არ არის, საქართველოს სახელმწიფოსთვის განვითარების შანსის მოკვდინების მცდელობა და მასზე მიტანილი იერიშია. ამიტომ, ჩემი გადმოსახედიდან, დღეს უნიკალური დღე არის. მთელ მსოფლიოში, ბევრ დედაქალაქში, სხვადასხვა კონტინენტზე იმართება სოლიდარობის აქცია მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად. მსგავსი პრეცედენტი არ მახსენდება და იმედი მაქვს, დღეის იქით, ამიერიდან კიდევ უფრო მეტად შეისმენს ყველა, მთელი ცივილიზებული სამყარო კიდევ უფრო აქტიური გახდება მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის პროცესში.
მიხეილ სააკაშვილის, როგორც ქვეყნის მესამე პრეზიდენტის სიკვდილი არ არის მხოლოდ ერთი პარტიის, ოჯახის ან თანამოაზრეების წუხილი და რისკი, რომლის წინაშეც დავდექით. სახელმწიფოს ინტერესშია, რომ მიხეილ სააკაშვილი იქნას გადაყვანილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ, რათა სახელმწიფოს შევუნარჩუნოთ ევროპული მომავლის შანსი და ეს საგარეო პოლიტიკური კურსი კვლავ დაუბრუნდეს ქვეყანას“, – განაცხადა ნიკა მელიამ.