ცუდია, როდესაც ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე ერთიანობას ვერ ვინარჩუნებთ. ზოგადად, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ერთიანობაზე, მათ შორის ამასვე ამბობენ ლევანიც და მისი მეგობრებიც, მნიშვნელოვანია, ეს ერთიანობა მხოლოდ სიტყვებით არ იყოს და კონკრეტული საქმით დავამტკიცოთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის სხვა ლოკაციაზე დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, გაუგებარია ეს ყველაფერი, სამწუხაროა, „თუმცა უკვე ვერაფერს ვეღარ შევცვლით“.
„მინდა, დავიჯერო, მცირე გაუგებრობას ჰქონდა ადგილი, გამომდინარე იქიდან, რომ იცოდნენ ლოკაციის, აქტივობის შესახებ, თან აღნიშნული სოლიდარობის აქციით ვუერთდებით იმ აქციებს, რომლებიც ჩანიშნულია ევროპის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საკონსულოებთან. შესაბამისად, ჩვენ ვსაუბრობთ ერთიანობაზე და ეს ერთიანობა მხოლოდ და მხოლოდ სიტყვები არ უნდა იყოს. ეს უნდა იყოს გამოხატული კონკრეტულ ნაბიჯებში. კარგი იქნებოდა, რომ ის ლოკაცია, რომელიც ჩვენ შევარჩიეთ, რომლის შესახებაც ინფორმირებული იყვნენ, ყოფილიყო ერთადერთი ლოკაცია თბილისში. თუმცა მათი გადაწყვეტილებაა, დისტანცირება გააკეთეს. რამდენად კარგია, მე ამის შეფასებას ვერ გავაკეთებ. თუმცაღა ცუდია, როდესაც ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე ერთიანობას ვერ ვინარჩუნებთ. ზოგადად, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ერთიანობაზე, მათ შორის ამასვე ამბობენ ლევანიც და მისი მეგობრებიც, მნიშვნელოვანია, ეს ერთიანობა მხოლოდ სიტყვებით არ იყოს და კონკრეტული საქმით დავამტკიცოთ. გაუგებარია ეს ყველაფერი ჩემთვის, სამწუხაროა, თუმცა უკვე ვერაფერს ვეღარ შევცვლით“, – განაცხადა დოლიძემ.