მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით ყოფილი თანამდებობის პირების მიმართვას სააკაშვილის მხარდამჭერებიც შეუერთდნენ.
როგორც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, მიმართვის მთავარი ადრესატი არის საზოგადოება, რადგან პოლიტიკური პროცესის ბედის გადაწყვეტისას მთავარი სწორედ საზოგადოებაა.
„ამ მიმართვის მთავარი ადრესატი არის ქართული საზოგადოება, რადგან სადაც წყდება პოლიტიკური პროცესის ბედი, იქ მთავარი არის ქართული საზოგადოება. შემდეგ ამას მოჰყვება პარტნიორები, მოჰყვება პოლიტიკური პროცესი. მთავარია პოლიტიკური პოზიციის კონსოლიდაცია, კონსოლიდაცია იმის ირგვლივ, რომ საქართველოში არ ხდებოდეს წამებით სიკვდილი, ნებისმიერი მოქალაქის. საქართველო უკვე მეორედ არ უნდა კლავდეს თავის პრეზიდენტს რუსეთის დაკვეთით. ამის თაობაზე შეიძლება, ქართული საზოგადოება ჩამოყალიბდეს.
მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობას მე არ განვიხილავ. სააკაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის პირველი მუხლიდან ბოლო მუხლამდე ყველა მუხლი ერთდროულად რომ დაერღვია, მაინც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში არ არსებობს წამებით სიკვდილის განაჩენი. არცერთ სახელისუფლო სტრუქტურას არ მივმართავ. ნამდვილად მოვიპოვე იმის მორალური უფლება, რომ ჩემს პოზიციას ვაფიქსირებდე. სალომე ზურაბიშვილს არ მივმართავ, რადგან ადრესატი არის მხოლოდ საზოგადოება“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.