ვფიქრობ, ძალიან მძიმე ფურცელი იქნება საქართველოს ისტორიაში, თუ უკვე მეორე პრეზიდენტსაც ძალადობრივად მოვაკვდინებთ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.
„არ იყო ყოფილი თანამდებობის პირების პეტიცია. ეს არის ჩემი განცხადება, რომელშიც ერთმნიშვნელოვნად ვამბობ, რომ არ მაინტერესებს დღეს სააკაშვილის ბრალეულობის განხილვის საკითხი. მე მაინტერესებს ის, რომ საქართველოს ციხეში არ ხდებოდეს ადამიანის წამება. ეს მაინტერესებდა მაშინაც, როდესაც იგივე ხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს. ჩემი ინტერესი, რომ ადამიანებს ციხეში არ ვაწამებდეთ და არ ვკლავდეთ წამებით, უცვლელია. გარდა იმისა, რომ საუბარია მოქალაქე ადამიანზე, ასევე საუბარია საქართველოს პრეზიდენტზე და მინდა, ქართულ საზოგადოებას შევახსენო, უკვე მეორეზე, რომლის ძალადობრივ მოკვდინებას ქართველები ვცდილობთ. ვფიქრობ, ძალიან მძიმე ფურცელი იქნება საქართველოს ისტორიაში, თუ უკვე მეორე პრეზიდენტი იქნება, მათ შორის რუსეთთან დაპირისპირებული, რომელსაც ჩვენ ძალადობრივად მოვაკვდინებთ. ეს არის განცხადება, რომელიც გახსნილია ქართული საზოგადოებისთვის“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
მისივე თქმით, სისხლის სამართლის კოდექსში ბრალეულობის ბევრი ფორმა არის აღწერილი და მსჯავრდების ბევრი ფორმა, მაგრამ არცერთი ფორმა არ ამბობს, რომ შეიძლება, ადამიანი აწამო და წამებით მოკლა.
„როცა ვამბობ, ბრალეულობას არ განვიხილავ, მდგომარეობს იმაში, რომ კი არ უნდა ვთქვათ, დამნაშავეა თუ უდანაშაულოა, მას ეს ბრალი უნდა გადაუვადდეს იმ მდგომარეობამდე, როცა ის შეძლებს, რომ იტვირთოს განაჩენი. მე ასეთი გადაწყვეტილება მიმიღია. იყვნენ პატიმრები, რომელთა თაობაზეც იყო სამედიცინო დასკვნები, რომ მათ ჰქონდათ ძალიან მძიმე ჯანმრთელობის პრობლემა და მათთვის ბრალი გადამივადებია. მე არ შემიცვლია პოზიცია, ახლაც ასე ვფიქრობ, რომ ყველა პატიმარი თანაბარია და რადგან ყველა თანაბარია, ამიტომ მიგითითებთ, გადახედოთ ჩემს ბიოგრაფიას, მართლა სერიოზული დამანშავეები მყავს გაშვებული, გადავადებული, თუმცა იმ ადამიანების სიკვდილი ერის ისტორიულ პერსპექტივაზე არ იმოქმედებდა, მაგრამ მე მაინც გადაუვადე მათ. ამ ადამიანის სიკვდილი ჩვენს ისტორიაში ჩაწერს ასეთ ფურცელს, მეორედ უკვე მიზეზი ვიპოვეთ და ქვეყნის პრეზიდენტი მოვკალით“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
კითხვაზე, რას გულისხმობს წამებაში, მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ამის დამადასტურებელია ექიმთა დასკვნები.
„არსებობს დაავადების ფსიქოსომატური ტიპი, რაც გულისხმობს, რომ ფიზიოლოგიური პროცესების წარმართვის საფუძველი ამ დაავადებებში არის ფსიქიკური პროცესები. ეს არის მდგომარეობა, როდესაც სტრესის ქვეშ ავადმყოფს მუდმივად უფრო უმატებ ავადმყოფობის მიზეზს. მე არ ვგულისხმობ, რომ ვიღაც შედის და ურტყამს. მოწამვლაზე კომპეტენტურად ვერ ვისაუბრებ. არ ვამბობ, რომ აწამებენ შანთებით, თუმცა რაც მოხდა გლდანის ციხეში გადაყვანის დროს, ესეც ვნახეთ. მე ვსაუბრობ გადავადებაზე და არა შეწყალებაზე. მე არ მგონია, რომ საზოგადოება ახლა უნდა გავერთიანდეთ იმით, მიშა დამნაშავეა თუ არა. ეს სულ სხვა რანგის საკითხია“, – განაცხადა მარგველაშვილმა.