ნიკა მელიამ და ლევან ხაბეიშვილმა ერთადერთი, რასაც შეიძლება, მიაღწიონ, ეს არის არჩევნების მოგება „ნაციონალურ მოძრაობაში“, არავითარი სამოქალაქო დაპირისპირებისა და მეორე ფრონტის გაჩაღების რესურსი ამ ადამიანებს არ აქვთ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებას, სადაც მელია აღნიშნავს: „ან გავიგებთ, რომ სააკაშვილის პროცესი დასრულდება გონივრულ ვადაში, ან უნდა დავიწყოთ მოქმედება, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, გამოვიყენებთ ყველა კონსტიტუციურ მეთოდს“.
„ე.წ. ჟურნალისტები საუბრობდნენ სამოქალაქო დაპირისპირებაზე. ეს სიტყვები ახსენეს არაერთხელ. ეს მიუთითებს, რომ მათთვის არაფერს ნიშნავს ევროკავშირის პირველივე რეკომენდაცია, რომელიც გულისხმობს ე.წ. დეპოლარიზაციას. რა თქმა უნდა, ამ ადამიანებს არანაირი სამოქალაქო დაპირისპირების და მეორე ფრონტის გაჩაღების რესურსი არ აქვთ, ეს არის მიუღწეველი მიზანი. მელიამ და ხაბეიშვილმა რასაც შეიძლება, მიაღწიონ, ეს არის არჩევნების მოგება „ნაციონალურ მოძრაობაში“. მელიას ეს განცხადება განკუთვნილია შიდაპარტიული მოხმარებისთვის, რათა მოიპოვონ საკუთარი რადიკალური აქტივის მხარდაჭერა და ერთმანეთთან კონკურენციაში ამ ფორმით შედიან. ცდილობენ, მაქსიმალურად რადიკალური განცხადებით გამოვიდნენ. ამით ნიჰილიზმს იწვევენ „ნაცმოძრაობის“ შიგნით, რომელსაც მეათედ ჰპირდებიან ხელისუფლების დამხობას, სამოქალაქო დაპირისპირებას, ათას უბედურებას და ეს ვერასოდეს ვერ შეასრულეს. აქედან გამომდინარე, არ მგონია, მათ ასეთმა რადიკალურმა განცხადებამ რაიმე მოგება მოუტანოს. რეალურად, აქციის ჩატარების რესურსი არ აქვთ. ნიკა მელია კონცეტრირებულია ვადამდე არჩევნებზე, რომელიც ტარდება „ნაციონალურ მოძრაობაში“ და ალბათ, გააგრძელებენ შოეუბის დადგმას, რომ ერთმა და მეორე მხარემ უპირატესობა მოიპოვონ შიდაპარტიულ კონკურენციაში“, – განაცხადა კობახიძემ.