თუ ჩვენ გვინდა ევროპა, არჩევანი მარტივია; თუ ჩვენ გვინდა ქვეყნის თავისუფლება, არჩევანი არის მარტივი; თუ ჩვენ გვინდა ისტორიის სწორ მხარეზე ყოფნა - არჩევანი არის ერთადერთი - მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა, - ამბობს ენმ-ის თავმჯდომარეობის კანდიდატი ნიკა მელია.
„დღეს, როდესაც კიევი იბომბება რუსული რაკეტებით, ათასობით ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე ეწირება საერთო თავისუფლებისათვის ბრძოლას, ქვეყნის გმირი პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, თავისი ყოველდღიური მიმართვისას საკითხის არსებითი მნიშვნელობიდან გამომდინარე, საგანგებოდ მოუწოდებს ოცნების ხელისუფლებას გამოიჩინონ კეთილი ნება და მისცენ მიხეილ სააკაშვილს მკურნალობის საშუალება უკრაინაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში ან ევროპაში.
ოცნების ხელისუფლებას ამ ნაბიჯისკენ მოუწოდებს ევროპის საბჭო და ყველა მეგობარი ქვეყანა, მოუწოდებს ამერიკის შეერთებული შტატები და ომში მყოფი უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი. თუ ჩვენ გვინდა ევროპა, არჩევანი მარტივია; თუ ჩვენ გვინდა ქვეყნის თავისუფლება, არჩევანი არის მარტივი; თუ ჩვენ გვინდა ისტორიის სწორ მხარეზე ყოფნა - არჩევანი არის ერთადერთი - მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა.
დრო არ ითმენს, საქართველოში არ უნდა განმეორდეს 1993 წლის 31 დეკემბრის ტრაგედია. ახალ წელს ნაბიჯი უნდა გადავდგათ წინ, ევროპისაკენ და არა უკან, რუსული სიბნელისაკენ, რადგან დღეს გვაქვს დიდი შანსი და საერთაშორისო პარტნიორების უპრეცედენტო თანადგომა - აღმოვჩნდეთ ისტორიის სწორ მხარეს და ვიაროთ წინ, ევროპული მომავლისა და განვითარებისაკენ. სულ მალე გადამწყვეტი იქნება თითოეული ადამიანის სწორი და პრინციპული სამოქალაქო პოზიცია! ძალა ერთობაშია!“,- თქვა მელიამ.