დასასრულს მიუახლოვდა სიახლეებითა და გამოწვევებით დატვირთული 2022 წელი. თბილისის სახელმწიფო კამერულმა ორკესტრმა „საქართველოს სინფონიეტამ“ გამართა კონცერტები საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ, რომელიც მოიცავდა რეპერტუარს ბაროკოს ეპოქიდან დაწყებული თანამედროვე მუსიკის ჩათვლით.
უამრავ საინტერესო კონცერტს შორის აღსანიშნავია 30-ე საიუბილეო საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის, „შემოდგომის თბილისის“ ფარგლებში გამართული კონცერტი, სადაც შესრულდა დარიო მარიანელის საორკესტრო სიუიტა „ბეატრიჩეს“ მსოფლიო პრემიერა. ოსკარის, ოქროს გლობუსისა და მრავალი ჯილდოს მფლობელმა თანამედროვე იტალიელმა კომპოზიტორმა დარიო მარიანელიმ დაწერა მუსიკა მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტისათვის „ბეატრიჩე“. 8 ოქტომბერს, ფესტივალზე „შემოდგომის თბილისი“, სწორედ ამ საბალეტო მუსიკის საორკესტრო სიუიტა შესრულდა.
ასევე უნდა გამოვარჩიოთ გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის, სულხან ნასიძის 95 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო, სადაც თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის, „საქართველოს სინფონიეტას“ შესრულებით კომპოზიტორის კვარტეტის საორკესტრო ვერსია აჟღერდა პირველად.
ძალიან მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ „საქართველოს სინფონიეტას“ მიერ განხორციელებული პროექტები მეზობელ ქვეყნებში.
აზერბაიჯანის კულტურის სამინისტროს მიწვევითა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალში - „ბაროკოს მუსიკის დღეები“, რომელიც ბაქოში, 23 აპრილიდან 26 აპრილის ჩათვლით ჩატარდა. „საქართველოს სინფონიეტას“ კონცერტი 24 აპრილს, აზერბაიჯანის მუსლიმ მაგომაევის სახელობის სახელმწიფო ფილარმონიის დარბაზში გაიმართა. „საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად კონცერტში მონაწილეობდნენ აზერბაიჯანელი სოლისტები: ფარიდა მამედოვა (სოპრანო), საბინა ასადოვა (მეცო სოპრანო), ილჰამ ნაზაროვი (კონტრტენორი) და დირიჟორი ეიუბ კულიევი.
სულ ცოტა ხნის წინ კი, 4 და 9 დეკემბერს, სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, სომხეთის სახელმწიფო კამერულმა გუნდმა - „ჰოვერი“და თბილისის სახელმწიფო კამერულმა ორკესტრმა - „საქართველოს სინფონიეტა“ ერევანსა და თბილისში ბაროკოს მუსიკის კონცერტები გამართა. 4 დეკემბერს, კონცერტი ჩატარდა ერევანში, კომიტასის სახელობის კამერული მუსიკის დარბაზში, ხოლო 9 დეკემბერს, იგივე კონცერტი თბილისში, რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე სცენაზე შედგა.
რამდენადაც „საქართველოს სინფონიეტა“ ერთადერთი ბაროკოს ორკესტრია ამიერკავკასიის რეგიონში, მისი წვლილი მეტად მნიშვნელოვანია მეზობელ ქვეყნებში ბაროკოს მუსიკის ავთენტიკური შესრულების პოპულარიზაციასა და გავრცელებაში. შესაბამისად, აზერბაიჯანსა და სომხეთში განხორციელებული პროექტები მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ძველებური მუსიკის პოპულარიზაციასა და ქვეყნებს შორის კულტურის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაში.
„საქართველოს სინფონიეტა“ ყოველთვის თანამშრომლობს დიპლომატიურ კორპუსთან და ამ მიმართულებით 2022 წელსაც შედგა არაერთი პროექტი. წელს, „თბილისის ბაროკო ფესტივალის“ მხარდამჭერი იყო იტალიის საელჩო, ფრანგული ინსტიტუტი და საფრანგეთის საელჩო საქართველოში.
ასევე აღსანიშნავია, რომ ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით, 25 მარტსა და 28 აპრილს ჩატარდა ბრაზილიის დამოუკიდებლობის 200 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი კონცერტები.
28 ივლისს კი, უკვე საქართველოს ფარგლებს გარეთ, ქალაქ მიუნხენში საქართველოს საპატიო საკონსულოს ორგანიზებით, მიუნხენის ხელოვნების სახლის დიდ საკონცერტო დარბაზში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა.
„საქართველოს სინფონიეტამ“ ასევე მონაწილეობა მიიღო ფესტივალებში: „იმლინგის საოპერო ფესტივალი“ (გერმანია), „სააღდგომო ფესტივალი“, „თენგიზ ამირეჯიბის სახელობის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი“, „თბილისის კამერული მუსიკის ფესტივალი“ და „მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში“.
2022 წელს აგრეთე ჩატარდა „კლასიკური გიტარის შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსის“ გამარჯვებულთა კონცერტი; გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე საბალეტო დასთან ერთად კიდევ ერთხელ გაიმართა თანამედროვე ბალეტი „ბეატრიჩე“ (ქორეოგრაფი - მარიამ ალექსიძე, მუსიკა - დარიო მარიანელი) და სხვა.
9 ნოემბრიდან 27 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდა რიგით მერვე „თბილისის ბაროკო ფესტივალი“, რის ფარგლებშიც გაიმართა 5 კონცერტი, 4 საჯარო ლექცია, მასტერკლასები და ვორქშოფი.
ფესტივალში „საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად მონაწილეობდნენ ქართველი და
უცხოელი მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები, ანსამბლები და ძველებური მუსიკის
სპეციალისტები, როგორებიც არიან: მომღერალთა ანსამბლი “Organum” (საფრანგეთი),
ჰელსინკის ბაროკოს ორკესტრის სოლისტები (ფინეთი) და ააპო ჰეკინენი (კლავესინი),
კორნელია ფონ კერსენბროკი (დირიჟორი, გერმანია), საქართველოს სახელმწიფო
აკადემიური ანსამბლი „რუსთავი“, გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის
სახელმწიფო საგუნდო კაპელა ზვიად ბოლქვაძის ხელმძღვანელობით, ქართველი
თეორბისტი გიორგი კუზანაშვილი. აგრეთვე მონაწილეობდნენ სოლისტები: გაბრიელ გრამესკი, ბაროკოს ჰობოი (რუმინეთი), სტეფან ნოდილო, ბაროკოს ჰობოი (ხორვატია) და ჟოაკიმ გერა, ბაროკოს ფაგოტი (ესპანეთი).
მეტად რთული, მაგრამ დატვირთული 2022 წლის საკონცერტო სეზონი დასრულდა და „საქართველოს სინფონიეტა“ სიახლეებით სავსე მრავალფეროვან 2023 წლის საკონცერტო სეზონს ჰპირდება თავის ერთგულ მსმენელს.