„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი ბოტკოველის განცხადებით, პენიტენციური სამსახურის მიერ გამოქვეყნებული კადრები იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულება მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით.
„რისი მოლოდინი შეიძლება, გვქონდეს პენიტენციური სამსახურისგან, როდესაც იუსტიციის მინისტრი ფაქტობრივად სიკვდილის ქრონიკის პრეზენტატორად მოგვევლინა და ის რეალურად არ წარმოადგენს იუსტიციის მინისტრს. პუტინის დავალებით, აქ მთავარი გადაწყვეტილების მიმღები არის ბიძინა ივანიშვილი, მთავარი მწამებელი, მთავარი გადაწყვეტილების მიმღები. მოლოდინი უნდა გვქონდეს სახელმწიფო სტრუქტურის მხრიდან, რომ ისინი რამე კვლევას ჩაატარებენ, რაც ამ კვლების რეალურ ანალიზს აჩვენებს?
ძალიან ბევრი მტკიცებულება არსებობს, დაწყებული იმ კადრებიდან, რომლებიც მათ გამოაქვეყნეს. ფიქრობდნენ, სათავისო საქმეს აკეთებდნენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულება სწორედ იმ სიის დაკომპლექტების პროცესში და იმ პროცესში, რაც მიხეილ სააკაშვილის წამებას და არაადამიანურ მოპყრობას უკავშირდება. ამასთან ერთად, არსებობს ძალიან ბევრი მტკიცებულება, რომელიც მოპოვებული აქვთ როგორც დგილობრივ ადვოკატებს, ისე საერთაშორისო ექსპერტებს და ექიმებს, რომლებიც ჩართული არიან ამ პროცესში“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
ამასთან, გიორგი ბოტკოველის თქმით, „დაწყებულია მუშაობა სიაზე და ცნობილი გახდება სია ადამიანებისა, რომლებიც პირდაპირ და ირიბად არიან ჩართული მიხეილ სააკაშვილის წამების პროცესში“.
„ჩვენ სიაზე მუშაობა დაწყებული გვაქვს. გავივლით ყველა იმ პროცედურას, რაც გასავლელია და აუცილებლად დაიდება კონკრეტული ადამიანების სია, რომლებიც პირდაპირ და ირიბად არიან ჩართული მიხეილ სააკაშვილის წამების პროცესში. დღეს გვარებს არ ჩამოვთვლი. ბევრი ისეთი ადამიანი მოხვდება ამ ყველაფერში, რომელიც შეიძლება, ფიქრობს, რომ მისი ირიბი ჩართულობა და მავნებლობა სადმე დაიმალება. ამიტომ იქნება ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი, რომელიც რეალურად იმსახურებს სასჯელს, როფორც საერთაშორისო სამყაროსგან, ისე სისხლის სამართლებრივ პასუხიამგებლობას“, – აღნიშნა გიორგი ბოტკოველმა.