დღეს საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეები სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებენ, გამოიყენოს მის ხელთ არსებული სამართლებრივი ბერკეტები, რათა სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანონ.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატის, გიორგი მუმლაძის მიერ ორგანიზებულ აქციას, სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები და მოქალაქეები შეუერთდნენ.
მუმლაძე აცხადებს, რომ თუ 22 დეკემბერს სასამართლო არ დააკმაყოფილებს ადვოკატების შუამდგომლობას, ისინი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან პერმანენტულ აქციებს გამართავენ.
"ეს არის სიმბოლური აქცია, რათა სალომე ზურაბიშვილს ვუთხრათ, რომ მიხეილს სააკაშვილის ასეთი მდგომარეობა მისი პირდაპირ პასუხისმგებლობაა და მან უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა სამართლებრივი ბერკეტი, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი არ მოკვდეს ციხეში. ჩვენ მას ვაფრთხილებთ, რომ თუ 22 დეკემბერს სასამართლო არ მიიღებს კანონიერ და სამართლიან გადაწყვეტილებას და თუ რეალურად ქართული ოცნება მიხეილ სააკაშვილს გამოუტანს სასიკვდილო განაჩენს, სწორედ ეს ადგილი გახდება პერმანენტული აქციების ეპიცენტრი", - თქვა გიორგი მუმლაძემ.
იმავე მოთხოვნებით აქცია ხვალაც დაანონსდა, აქტივისტები ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან შეიკრიბებიან.
მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან სრულად გათავისუფლების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი 22 დეკემბერს გაიმართება.