საქართველოს გეოსტრატეგიული მდებარეობა ბუნებრივად გვაქცევს დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელ ხიდად, ისევე, როგორც ზღვაზე წვდომის არმქონე სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის 8 ქვეყნის კარიბჭედ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბუქარესტში მაღალი დონის შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან მადლობა გადაუხადა რუმინეთის მხარეს ისტორიული ღონისძიების მასპინძლობისთვის და ევრო კომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენს მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში პროექტის მხარდაჭერისთვის.
„საქართველოს გეოსტრატეგიული მდებარეობა ბუნებრივად გვაქცევს დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელ ხიდად, ისევე, როგორც ზღვაზე წვდომის არმქონე სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური აზიის 8 ქვეყნის კარიბჭედ, რაც უმნიშვნელოვანესი კვანძია ევროკავშირის გლობალური დაკავშირებადობის რუკაზე სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციისა და ევროპისადმი ენერგორესურსების მიწოდების კონტექსტში. ამიტომ უმთავრეს პრიორიტეტად ვაქციეთ დაკავშირებადობა და განსაკუთრებული ხედვა შევიმუშავეთ კავკასიის რეგიონისა და ევროპის დასაკავშირებლად.
ენერგიის ციფრული და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაფართოების, მოდერნიზაციის მიმართულებით ინვესტიციებს აქტიურად ვახორციელებთ. ეს სექტორები შესაბამისად მოგვყავს ევროკავშირის ნორმებთან და სტანდარტებთან“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ბუქარესტში, კოტროჩენის სასახლეში ამ წუთებში ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენის, ასევე, საქართველოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, რუმინეთისა და უნგრეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობით შეხვედრა მიმდინარეობს.