საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ იმედი აქვს, რომ შიმშილობას შეწყვეტენ ენმ-ის ის დეპუტატები, ვინც სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით პროტესტის ამ ფორმას მიმართეს.
ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა ფორმულას ეთერში, გადაცემაში მრგვალი მაგიდა ისაუბრა.
მარგველაშვილის თქმით, შიმშილის გამოცხადება დღევანდელ ხელისუფლებასთან, რომელიც "ადამიანს აწამებს და მერე ტელევიზორში აჩვენებს", ბრძოლის ადეკვატური მეთოდი არაა.
„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ადამიანები შეწყვეტენ შიმშილობას და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას არაფერი დაემუქრება. არა იმიტომ, რომ ისინი არ იბრძვიან სწორი მიზნისთვის, მაგრამ ისინი არ იბრძვიან დღეს სწორი მეთოდით.
შიმშილობა არის ნაბიჯი, რომლის ადრესატიც არის ვიღაც. ეს არის განცხადება კონკრეტულად, მაგალითად ხელისუფალის მიმართ, რომ თუ შენ ასე არ გააკეთებ მე ასე მოვიკვდინებ ამ შიმშილობით თავს ან საფრთხის წინაშე დავაყენებ. და ამას ვის ეუბნებიან? სადისტებს, რომლებიც ადამიანს აწამებენ და მერე ტელევიზორში აჩვენებენ? ანუ არაადეკვატურია ქართულ ხელისუფლებასთან ამ ენით საუბარი“, - განაცხადა მარგველაშვილმა.
ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ადრესატი უნდა იყოს საზოგადოება და არა ხელისუფლება.
მარგველაშვილი ფიქრობს, რომ ახლა საჭიროა "ნებისმიერი პოლიტიკური კომუნიკაციის გათიშვა" ქართული ოცნების ხელისუფლებასთან და მათი "ერთპარტიულ ტოტალიტარულ მმართველობაში დატოვებაა". ყოფილი პრეზიდენტის აზრით, ეს, მათ შორის, ოპოზიციის დეპუტატების მხრიდან პარლამენტის დატოვებასაც გულისხმობს.
15 დეკემბერს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა დავით კირკიტაძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანამდე ენმ-ის რამდენიმე დეპუტატი შიმშილობას აცხადებს.