“იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური ყოველთვის ძალიან გახსნილია ამ საკითხთან დაკავშირებით. ამის დასტურია ის გარემოება, რომ მაგალითად, დღემდე 1500-ზე მეტი მნახველი იყო. ყოველდღიურად შედიან მნახველები, ოჯახის წევრები, ადვოკატები, ყველა ის პირი, რომელსაც უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით, რომ მოინახულონ მიხეილ სააკაშვილი და ეს ადასტურებს იმას, რომ სისტემა არის გახსნილი“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„იმასაც გეტყვით, რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, პირველ რიგში დაწყებული სტრასბურგის სასამართლოთი, რომელსაც ჰქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით განხილვა დაწყებული მათი საჩივრის საფუძველზე, საქართველოს მთავრობა ყოველთვის დეტალურ ინფორმაციას აწვდის როგორც გაერო-ს, ისე ევროსაბჭოს, ევროკავშირს, როდესაც ისინი ინტერესდებიან ამით. შესაბამისად, სისტემა რომ გახსნილი და გამჭვირვალეა, ამას ეს ყველაფერი ადასტურებს... ამ პროცესის არსი მდგომარეობს იმაში, რომ სასამართლომ ინფორმირებული გადაწყვეტილება მიიღოს. სამინისტრო, რა თქმა უნდა, როგორც აქამდე, გააგრძელებს მისი უფლებების სრულად დაცვას. მას არცერთ ეტაპზე არ შეფერხებია უფლებების დაცვა, პირიქით ყოველთვის უზრუნველყოფდა“, - განაცხადა ძამაშვილმა.