16 -18 დეკემბერს, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მე-4 და მე-5 პავილიონებში, თბილისის მერიის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებისა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, წიგნის საახალწლო ფესტივალი გაიმართება. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, ფესტივალი აერთიანებს ასოციაციის მიერ დაფუძნებულ წიგნის საახალწლო ფესტივალს და 2021 წელს, იუნესკოს პროექტ „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში დაარსებულ საბავშვო წიგნის ფესტივალს.
„ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება წიგნები და საინტერესო ღონისძიებები, როგორც ბავშვებისთვის, ასევე, უფროსებისთვის. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს საქართველოში მოქმედი თითქმის ყველა გამომცემელი და წიგნის გამავრცელებელი ორგანიზაცია, რომლებიც ფესტივალის სტუმრებს ფასდაკლებებს შესთავაზებენ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურის ხელმისაწვდომობას. ასე რომ, 16 დეკემბრიდან გელით თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალზე“, - განაცხადა თბილისის მერმა.