"საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველოს" წარმომადგენლები საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმირების აუცილებლობაზე საუბრობენ. როგორც ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ მედიაანგარიშია აღნიშნული, საზოგადოებრივი მაუწყებელი სახელმწიფო მაუწყებელს უფრო ჰგავს, ვიდრე საზოგადოების ინტერესების გამტარებელ ინსტიტუტს.
ორგანიზაციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ რეფორმირებული პირველი არხი, ინფორმატიული და კრიტიკული სატელევიზიო სიუჟეტებისა და გადაცემების გაშვებით მნიშვნელოვნად შეუწყობდა ხელს სატელევიზიო სივრცის პლურალიზმის გაზრდას და მის დახვეწას.
"აუცილებელია საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმირება. დღეს ეს არხი სახელმწიფო მაუწყებელს უფრო ჰგავს, ვიდრე საზოგადოების ინტერესების გამტარებელ ინსტიტუტს. პრეზიდენტის გეგმა - ტელევიზიის სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობა ცხრიდან თხუთმეტამდე გაზარდოს და ოპოზიციას მისი შვიდი წევრის დანიშვნის შესაძლებლობა მისცეს - არხს უფრო პოლიტიზებულს გახდის. სწორად რეფორმირებული პირველი არხი, ინფორმატიული და კრიტიკული სატელევიზიო სიუჟეტებისა და გადაცემების გაშვებით, მნიშვნელოვნად შეუწყობდა ხელს სატელევიზიო სივრცის პლურალიზმის გაზრდას და მის დახვეწას. ჯერჯერობით კი მის დამოუკიდებლობის ხარისხს დაფინანსების სისტემაც ამცირებს. არსებული კანონმდებლობით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტს მთავრობა განსაზღვავს. შესაბამისად, მისი დაფინანსება ხელისუფლების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. უკეთესი იქნება, თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი საქართველოს მოქალაქეებისგან აკრებილი შესაბამისი გადასახადით დაფინანსდება, ან აღდგება ადრე არსებული სისტემა, როცა მაუწყებლის ბიუჯეტი შიდა პროდუქტის 0,15%-ს შეადგენდა", _ ნათქვამია ანგარიშში.