ენმ-ს ერთმანეთზე უინტელექტო და ბნელი კანდიდატები ჰყავს. ეს არის ყველაზე კარგი, რაც უნდა აღინიშნოს, - თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
“პრინციპში, ნაციონალურ მოძრაობაში რა ხდება, საინტერესოც არ არის. ერთადერთი, საინტერესო არის ის, რომ ეს პარტია თანდათანობით სუსტდება და ამას საზოგადოება უყურებს. ეს კარგია იმისთვის, რომ საქართველოში პოლიტიკური პროცესები ჯანსაღი მიმართულებით განვითარდეს. ენმ-ს ერთმანეთზე უინტელექტო და ბნელი კანდიდატები ჰყავს. ეს არის ყველაზე კარგი, რაც უნდა აღინიშნოს. საზოგადოება ამას დაინახავს და ამ სრულ სიბნელესა და მეორე მხარეს, სინათლეს შორის არჩევანს გააკეთებს. სიბნელეში ვგულისხმობ სიბნელეს ყველანაირი გაგებით, პირდაპირი და არაპირდაპირი მნიშვნელობით”, - თქვა კობახიძემ.
პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატთა რეგისტრაციის ვადა ამოიწურა. პარტიის თავმჯდომარეობისთვის 4 კანდიდატი იბძროლებს - ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და პარტიის ყოფილი წევრი, ნონა მამულაშვილი.
არჩევნების ჩატარების თარიღად 28-29 იანვარი განისაზღვრა. თარიღზე გადაწყვეტილება პარტიის წევრებმა 11 დეკემბერს, პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე მიიღეს. პარტიის თავმჯდომარის არჩევნები ე.წ. ბლოკჩეინის სისტემით ჩატარდება.