ანაკლიის პორტი აშენდება სახელმწიფოს თანამონაწილეობით, სადაც 51 პროცენტის მფლობელი სახელმწიფო იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, პარტნიორი კომპანიების შესარჩევად გამოცხადდება საერთაშორისო კონკურსი.
„ჩვენი გადაწყვეტილებით, ანაკლიის პორტი აშენდება სახელმწიფოს თანამონაწილეობით, სადაც 51 პროცენტის მფლობელი იქნება სახელმწიფო. დანარჩენზე ჩვენ გამოვაცხადებთ საერთაშორისო კონკურსს და შევარჩევთ პარტნიორ კომპანიებს. ეს პროექტი არის მიტოვებული, ადგილი არის გაპარტახებული. კარგად მოგეხსენებათ, ახლა რაც ხდება ანაკლიაში. მტვრის ბუდედ გადააქციეს ადგილი. ამიტომ, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. ჩვენ სასწრაფოდ უნდა შევარჩიოთ საერთაშორისო პარტნიორი კომპანიები და ჩვენც უნდა დავიწყოთ ინვესტირება ამ პროექტში. ეს პროექტი განხორციელდება ჩვენი თანამონაწილეობით. სახელმწიფო განახორციელებს ამ პროექტს, უცხო თუ სხვა კომპანიებთან ერთად“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.