საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით 2016 წელს გაფორმდა ხელშეკრულება, შეირჩა ინვესტორი, რომელმაც ვერ შეასრულა თავისი ვალდებულება და პორტი არ ააშენა.
ღარიბაშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც პროექტი ჩავარდა, ხაზარაძე-ჯაფარიძემ გადაწყვიტეს, გაძარცვონ ქვეყანა და არბიტრაჟში დაიწყეს დავა.
„ყველას კარგად მოეხსენება, ჯერ კიდევ 2016 წელს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ანაკლიის პორტი აშენებულიყო. მანამდე, ჯერ კიდევ ჩემი პირველი პრემიერობის დროს, ამ საკითხზე ღიად ვსაუბრობდით ყველა ტრიბუნაზე, ყველა პლატფორმას ვიყენებდით ამისთვის, მათ შორის გაერო-ს ტრიბუნიდანაც განვაცხადეთ, რომ ჩვენი გაცხადებული ინტერესი, პრიორიტეტი არის ამ პორტის აშენება. 2016 წელს გაფორმდა ხელშეკრულება, შერჩეულ იქნა ინვესტორი. კარგად მოგეხსენებათ ყველას, ვინ არის ეს ე.წ. ინვესტორი, რომელმაც ვერ შეასრულა თავისი ვალდებულება, ანუ ეს პორტი არ ააშენა.
ამ ვალდებულების მიხედვით, ჩვენ, თუ არ ვცდები, პირველი გემები უნდა მიგვეღო 2020 წელს. რამდენჯერმე გადაუწია მთავრობამ ვალდებულება – სამჯერ, ოთხჯერ. მიუხედავად ამისა, ინვესტორმა მაინც ვერ შეძლო ინვესტიციების მოზიდვა. ჩემი ინფორმაციით, თავად ბატონ ხაზარაძეს და მის პარტნიორ ჯაფარიძეს სამი მილიონი დოლარი აქვთ დახარჯული, დანარჩენი თანხები მოზიდული აქვთ ინვესტორებისგან, დაახლოებით 20-25 მილიონი. სანაცვლოდ, მთავრობისგან ითხოვდა ტვირთების გარანტიას, მიწა ჩვენი იყო და უნდა გადაგვეცა, გადავეცით კიდეც, გზების, რკინიგზის მიყვანას, ასეულობით მილიონი დაეხარჯა მთავრობას და სანაცვლოდ არაფერი არ უნდა მიეღო. ანუ, რეალურად, ეს იყო საჩუქარი ბატონი ხაზარაძისთვის. მას შემდეგ, რაც 4-5 წლის შემდეგ ჩააგდო პროექტი, ვერ განახორციელა, ამ ადამიანებმა გადაწყვიტეს, გაძარცვონ ჩვენი ქვეყანა და რატომ? უჩივლეს ქვეყანას, არბიტრაჟში წაიღეს საქმე და დღეს ედავებიან მილიარდ ხუთას მილიონ დოლარს. წარმოგიდგენიათ, რა ხდება? ადამიანმა ხუთ წელიწადში ვერ შეასრულა ვერც ერთი ვალდებულება, ჩააგდო პროექტი, პორტი არ ააშენა და დღეს ქვეყანას და ჩვენს ხალხს ედავება მილიარდ ხუთას მილიონს, ეს არის ძარცვის კლასიკური სქემა. ჩვენ კარგად ვიცით, რომ არავითარი რეალური, გულწრფელი, კეთილსინდისიერი მიზანი და ზრახვა ამ პორტის აშენების მიღმა არ იდგა, ეს იყო ჩვეულებრივი გამდიდრების და ძარცვის იდეა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამასთან, პრემიერის განმარტებით, მთავრობის გადაწყვეტილებით, ანაკლიის პორტი აშენდება სახელმწიფოს თანამონაწილეობით, სადაც 51 პროცენტის მფლობელი იქნება სახელმწიფო.
„დანარჩენზე გამოვაცხადებთ საერთაშორისო კონკურსს და შევარჩევთ პარტნიორ კომპანიებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.