უნდა გავაგრძელოთ ნატოს კოლექტიური თავდაცვის გაძლიერება, რათა უკრაინაში კონფლიქტი არ გადაიზარდო სრულმასშტაბიან ომში ნატოსა და რუსეთს შორის,- ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
„9-თვიანმა ომმა გვაჩვენა, რომ რუსეთი მზადაა გამოიყენოს სასტიკი ძალა თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ რუსეთმა არ გაიმარჯვოს, რადგან თუ პრეზიდენტი პუტინი გაიმარჯვებს უკრაინაში, ეს ნიშნავს, რომ ევროპაში დამოუკიდებელ სუვერენულ სახელმწიფოს თავს დაესხა მეზობელი ქვეყანა და აგრესორმა გაიმარჯვა. ეს ასევე ძალიან სახიფათო გზავნილი იქნება, რადგან წაახალისებს ავტორიტარულ ლიდერებს მთელ მსოფლიოში და პრეზიდენტ პუტინს, რომ თუ ისინი ძალის გამოიყენებით, დაარღვევენ საერთაშორისო სამართალს და შეიჭრებიან სხვა ქვეყანაში, მათ შეუძლიათ მიაღწიონ იმას, რაც სურთ.
ეს გაამხნევებს მათ და წაახალისებს კიდევ უფრო მეტი ძალის გამოყენებას. ეს არის მიზეზი, რის გამოც ჩვენი უსაფრთხოების ინტერესებში შედის იმის უზრუნველყოფა, რომ პრეზიდენტი პუტინი დამარცხდეს და რუსეთმა არ გაიმარჯვოს. ვფიქრო, ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ნატო ათწლეულების განმავლობაში იბრძოდა რუსეთთან კონსტრუქციული, უკეთესი ურთიერთობისა და არსებითი დიალოგისთვის. რეალურად, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე სულ რამდენიმე კვირით ადრე, ჩვენ მივიღეთ მოსკოვიდან წერილობითი წინადადებები, თუ როგორ უნდა ჩავრთულიყავით რუსეთთან ომის თავიდან ასაცილებლად და მათი შეშფოთება გაგვეზიარებინა.
პრეზიდენტმა პუტინმა გადაწყვიტა უკრაინაში შეჭრა, მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, პოლიტიკური გზებით გადაჭრილიყო საკითხები. ასე რომ, ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ომის დასრულების შემდეგ ჩვენ ვერ დავუბრუნდებით რაიმე სახით კარგ ან ნორმალურ ურთიერთობას რუსეთთან.
ჩვენ უნდა ვიყოთ მზად რუსეთთან რთული ურთიერთობისთვის დიდი ხნის განმავლობაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვჭირდება მეტი ინვესტიცია ჩვენს თავდაცვაში, უნდა გავაგრძელოთ ნატოს კოლექტიური თავდაცვის გაძლიერება, რათა უკრაინაში კონფლიქტი არ გადაიზარდოს სრულმასშტაბიან ომში ნატოსა და რუსეთს შორის. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ დავბრუნდებით და ვიქნებით დამოკიდებული რუსულ გაზზე. ეს არის გრძელვადიანი შედეგი, რომელიც ომმა მოიტანა“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.