ადამ კინზინგერი თუ მაკრიტიკებს, გასაგებია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ადამ კინზინგერის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.
„რაღა მეშველება, გავიგე. ადამ კინზირგერი თუ მაკრიტიკებს, გასაგებია. მინდა, საზოგადოებას განვუმარტო, მათ შორის ყველას, ვინც ბოლო ორი დღეა, შესაძლოა, უსმენდა ჩემი ნათქვამის ამ არასწორ ინტერპრეტაციებს. მგონი, ყველამ ძალიან კარგად გაიგო და კიდევ ერთხელ მინდა, განვმარტო ჩემი ნათქვამი. პირველ რიგში, მინდა, ჩემი გულისტკივილი გამოვთქვა და კიდევ ერთხელ გულწრფელად მივუსამძიმრო უკრაინის ომში ყველა გარდაცვლილის ოჯახების წევრებს. ეს არის ტრაგედია, დიდი დანაკლისი და ჩვენ, ყველანი, ამას განვიცდით. მე ვთქვი, რომ სახელმწიფოს რაც შეუძლია, ყველაფერს აკეთებს ამ ადამიანების ღირსეულად გადმოსასვენებლად და შემდეგ ყველა ეს ადამიანი სამხედრო პატივით მიებარა მიწას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ადამ კინზინგერმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა: „ქართული ლეგიონის არცერთი მებრძოლი ან ქართველი მებრძოლი უკრაინაში არაა „მოტყუებული“. ისინი გმირები არიან. რამდენად მცირე პატივისცემა აქვს საქართველოს პრემიერ-მინისტრს საკუთარი ხალხისადმი, რომ ივარაუდოს, თითქოს მათ სიმართლე არ იციან“.