ხვალიდან პარლამენტი მთავრობის მიერ წარმოდგენილი 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების პროექტის განხილვას იწყებს. კომიტეტებში განხილვის გრაფიკი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდა. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე კომიტეტი შემაჯამებელ სხდომას 12 დეკემბერს გამართავს.
„ცვლილებების შედეგად ეკონომიკური ზრდა 8.5%-დან 10%-მდე იზრდება, ნომინალური მშპ ლარებში ხდება 72 მლრდ 276 მილიონ ლარი. იზრდება სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები და ხარჯვითი ნაწილიც.
შემოსულობები იმატებს 596 მილიონ 700 ათასი ლარით და შეადგენს 20 მილიარდ 449 მილიონ ლარს. გადასახდელები (ხარჯვითი ნაწილი) იზრდება 507 მილიონ 350 ათასი ლარით 20 მილიარდ 186 მილიონ ლარამდე."-განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ ბიუროს სხდომაზე
მისი თქმით, დაფინანსება ეზრდება ეკონომიკის სამინისტროს 330 მილიონით; ჯანდაცვის სამინისტროს 95 მილიონით, კულტურის სამინისტროს 70 მილიონი ლარით, ხოლო სახელმწიფო დაცვის სამსახურს 2 მილიონ 350 ათასი ლარით.