ევროპული საქართველოს თავჯდომარემ, გიგა ბოკერიამ და აფხაზთა კრების თავჯდომარემ, მალხაზ პატარაიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე დაღესტნელ უფლებადამცველ, მიკაილ კადიევის საქართველოდან ექსტრადირების საფრთხეზე ისაუბრეს.
ბოკერიას თქმით, საქართველოს მთავრობა სამართლებრივ ნიადაგს ამზადებს კადიევის რუსეთში ექსტრადირებისთვის.
"ამ შემთხვევაში, სადაც არის მინიმუმ საფუძვლიანი ეჭვი, სწორედ იმიტომ, რომ ეს ადამიანი ეწეოდა აქტივისტურ, სამართალდამცავ საქმიანობას, არის დევნილი პუტინის რეჟიმის მხრიდან და არსებობს საფრთხე მისი ჯანმრთელობისა და საფრთხის მიმართ, მაინც არის საფრთხე, რომ მისი გადაცემა მოხდება რუსეთის ფედერაციისთვის. ამიტომ მიგვაჩნია, ჩვენი კომსტიტუციისა და ქვეყნის ღირსების დაცვის საკითხად, რომ ეს ვერ მოხდეს და ამის შესახებ საზოგადოება იყოს ინფორმირებული, სანამ ეს საფრთხე ამ ადამიანის თავზე ჰკიდია". – თქვა ბოკერიამ.
კადიევის ადვოკატის, მალხაზ პატარაიას თქმით, მიკაილ კადიევმა წარუდგინა შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტს რუსეთში ყოფნის დროს მასზე წამების ფაქტები, რაც შედგება, როგორც მის მიერ მონათხრობისგან, ასევე სამედიცინო დასკვნებისგან. თუმცა, მიგრაციის სამსახურმა უარი თქვა ამ დასკვნის, როგორც ახლად გამოვლენილი გარემობის განხილვაზე.
კადიევის საჩივარი სააპელაციო სასამართლოს მეორე ინსტანციაში ხვალ, 22 ნოემბერს განიხილება.
"ჩვენ გადავეცით შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტს, ახლად აღმოჩენილი გარემოების ზოგად ადმინისტრაციული კოდექსიდან გამომდინარე, როგორც ახლად გამოვლენილი გარემოება და სამინისტრომ უარი თქვა მის მიღებაზე. განხილვაზეც უარი თქვა, არა თუ შინაარსობრივად შევიდა მის განხილვაში. ამის შემდეგ, ჩვენ მივმართეთ მესამედ სასამართლოს და სასამართლო დაეთანხმა, რომ ეს არ არის ახლად აღმოჩენილი გარემოება. ეს მოხდა 2019 წლის თებერვალში. მანამდე წერდნენ ამ გადაწყვეტილებას 3 წლის განმავლობაში და ახლა, სააპელაციოს პირველმა ინსტაციამ ისევ უარი გვითხრა და დაეთანხმა სამინისტროს, ხოლო მეორე ინსტანცია, რომელიც არის ბოლო, რადგან უზენაესში არ საჩივრდება, ხვალ, განიხილავს ჩვენს საჩივარს, მხოლოდ იმაზე, რომ 200 გვერდიანი დასკვნა მიიღოს დეპარტამენტმა და განიხილოს". – ამბობს პატარაია.
„თქვენ კარგად იცით რა ხდება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე და მე ვფიქრობ რომ ჩემი ექსტრადირება კანონსაწინააღმდეგოა. რუსებმა მოკლეს ჩემი ორი ბიძაშვილი, დაადანაშაულეს რომ ისინი იბრძოდნენ რუსეთის წინააღმდეგ, ისინი ახალგაზრდები იყვნენ, არ იყვნენ დამნაშავეები. მე ვფიქრობ რომ რუსი ჯარისკაცები ტერორისტები არიან პუტინის მეთაურობით და რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა“ - მიკაილ კადიევი