იუსტიციის მინისტრმა „იმედის“ ეთერში პენიტენციურ სისტემაში „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა. რატი ბრეგაძის თქმით, პენიტენციური სისტემა არის სახელმწიფოში უფლებრივი მდგომარეობის ანარეკლი და ყველაზე კარგად გამოხატავს სახელმწიფოს დამოკიდებულებას ინდივიდისადმი და თუ რაოდენ დაცულად შეიძლება ინდივიდმა იგრძნოს თავი.
„ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში პენიტენციური სისტემა შეიძლება დავახასიათოთ რამდენიმე სიტყვით; კერძოდ, ეს არის დრო, როდესაც გათელილი ღირსებიდან მივედით ღირსების უზენაესობამდე. მთავარი, რაც მოხდა, ფსიქოლოგიური და ფილოსოფიური გარდატეხაა. სახელმწიფომ გაისიგრძეგანა, რომ მისი უმთავრესი ვალდებულება არის ადამიანის ღირსების დაცვა. CPT 2011 წელს წერდა, რომ საქართველოში, პენიტენციურ სისტემაში წამება და არაადამიანური მოპყრობა – ეს იყო სისტემური პრობლემა, ხოლო გასულ წელს, როდესაც ჩვენ გვქონდა CPT-ის დაუგეგმავი ვიზიტი პენიტენციურ დაწესებულებაში, შემდგომ გამოქვეყნდა დასკვნა, რომელშიც მითითებული არის, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. ეს არის, ვფიქრობ, ყველა კითხვაზე პასუხი, თუ რა ხდება საქართველოში პენიტენციურ სისტემაში“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.