მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯულის თქმით, ის ემორჩილება პატრიარქ ილია მეორის ხელმოწერას დოკუმენტზე, რომლითაც ის დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეპარქიის მიტროპოლიტობიდან ჩამოაშორეს.
"როცა შევეხე კომისიის დადგენილებებს და მისი უწმინდესობის ბრძანებას, მინდა გითხრათ, რომ დიახ, ეს არის მორიგი არაკანონიკური საქციელი, რომელსაც არაკომპეტენტური მღვდელმთავრები და სამღვდელოების ნაწილი, აქტივისტები და მათი გარემოცვა რომლებსაც არ აქვთ სათანადო კომპეტენცია, ქმნის და არაერთხელ ყოფილა ასეთი შემთხვევა, როცა პატრიარქის ხელწერა ჩნდება ამ არაკომპეტენტურ ტექსტებზე, პასუხისმგებლობა აუცილებლად ხელის მომწერს ეკისრება, თვითონ ამაზე პასუხისმგებლობას არ იღებენ.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, მე ვმორჩილებ მხოლოდ და მხოლოდ მისი უწმინდესობის ხელმოწერას, რომელიც აქ არის. ვმორჩილებ მის ხელმოწერას იმიტომ, რომ მე არც ძალაუფლებას ვეტრფი, არც სახელს და არც დიდებას". – თქვა მეუფე ზენონმა ფორმულას ეთერში.