ქართული ოცნების წევრი მამუკა მდინარაძე საქართველოს დაფინანსებასთან დაკავშირებით აშშ-ის სენატში ჯინ შაჰინის მიერ გაკეთებულ განცხადებას ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის განცხადებებს უკავშირებს და ირწმუნება, რომ შაჰინს "ნეგატიურ დღის წესრიგზე გადასვლის" მცდელობა აქვს.
"თვეების განმავლობაში ქალბატონ შაჰინს სიტყვა არ დაუძრავს საქართველოზე და ეს მოხდა მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც ევროკავშირის გაფართოების კომისარმა ძალიან პოზიტიური განცხადებები გააკეთა საქართველოსთან დაკავშირებით. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ნეგატიურ დღის წესრიგზე გადაყვანის მცდელობა. ძალიან სამწუხაროა, რომ ამის თქმა მიწევს. მერე უკვე ის ილაპარაკებდა დაფინანსებაზე, რომლის დიდი ნაწილი NGO სექტორს შეეხება, არ აქვს ამას მნიშვნელობა. პირველხარისხოვანი არის ის, რომ თვეების განმავლობაში არ მოგვისმენია არც პოზიტიური და არც ნეგატიური გზავნილი მათი მხრიდან და როგორც კი ევროკავშირის გაფართოების კომისარმა კარგი რაღაც თქვა საქართველოზე, იმ წუთას მოყვა ამას მყისიერი რეაქცია", - ამბობს მდინარაძე.
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სენატორება ჯინ შაჰინმა განაცხადა, რომ რომ შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს დახმარების სისტემა, შესაძლოა, შეიცვალოს და ე.წ დამსახურებაზე დაფუძნებული გახდეს.