ამ ქვეყანაში არ არსებობს არავინ, ვისაც ეჭვი ეპარება, რომ სააკაშვილმა ეს დანაშაულები ჩაიდინა, - თქვა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისართან, ოლივერ ვარჰეისთან გამართული შეხვედრის შემდეგ.
მისი თქმით, კანონის უზენაესობა ევროკავშირის წევრობისთვის წინაღობა ვერ იქნება.
„პირიქით, კანონის უზენაესობა წინაპირობაა იმისთვის, რომ ევროკავშირში მიგვიღონ. ასე რომ, სწორედ კანონის უზენაესობის საკითხზე გვაქვს საუბარი, როდესაც მიხეილ სააკაშვილზე ვლაპარაკობთ. იმაზე აღარ გავმეორდები, თუ რა დანაშაულების გამო იხდის ის სასჯელს. მემგონი, ამ ქვეყანაში არ არსებობს არავინ, ვისაც ეჭვი ეპარება, რომ სააკაშვილმა ეს დანაშაულები ჩაიდინა. ეს დანაშაულები რომ ჩადენილი აქვს, არა მხოლოდ საქართველოში დადასტურდა, არამედ სტრასბურგის სასამართლომაც პირდაპირ ხელი დაადო სააკაშვილს. ეს ისეთი ჭეშმარიტებაა, რომ ამაზე საუბარიც კი უკვე ზედმეტია. ატყობთ, რომ ამაზე თვითონაც აღარ ლაპარაკობენ. ახლა საუბარია ჰუმანიტარული მიზნებით მის სამკურნალოდ გადაყვანაზე და ა.შ. თავაც ხვდებიან, რომ რაც შეეხება სააკაშვილის უდანაშაულობას, ამ მხრივ არაფერი არგუმენტი აღარ აქვთ. ამაში როგორც შიგნით, ასევე გარეთ, ყველა დარწმუნებულია“, - თქვა პაპუაშვილმა.